წინასწარი შედეგებით, ოთხიდან სამ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ პრაიმერში “ახალი მემარჯვენეების” კანდიდატები ლიდერობენ. საარჩევნო კომისია, რომელიც პრაიმერის ადმინისტრირებას ახორციელებს, საბოლოო შედეგებს ორშაბათს გამოაცხადებს.
“ახალი მემარჯვენეების” კანდიდატები სამ საარჩევნო ოლქში ლიდერობენ: გიორგი მოსიძე – ისნის მაჟორიტარულ ოლქში, ნინო ქვარიანი – ტყიბულის მაჟორიტარულ ოლქში, როინ ნიჟარაძე – შუახევის მაჟორიტარულ ოლქში.
“კონსერვატორების” წევრი ჯუმბერ თავართქილაძე ბათუმის მაჟორიტარული ოლქის გამარჯვებული კანდიდატია.
ოპოზიციური პარტიები “ახალი მემარჯვენეები”, “კონსერვატორები” და პარტია “თავისუფლება” აგვისტოს დასაწყისში შეთანხმდნენ 1 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატები წარედგინათ.
ოპოზაციური პარტიები თავიდანვე შეთანხმდნენ “კონსერვატორების” წევრის ჯიმშერ ჯინჭარაძის კანდიდატურა ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად წარედგინათ. ამიტომ, ამ ოლქში პრაიმერი არ ჩატარდა.