საქართველოს ხელისუფლების “პატრიოტული” რიტორიკა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 11 სექტემბერს აფხაზეთის შესახებ მკაცრი განცხადებები გააკეთეს და თავიანთ ემოციურ გამოსვლებში საქართველოს “მალე“ გაერთიანების პირობაც დადეს. ამავე გამოსვლაში პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა ოპონენტები, ხალხში “უიმედობის დათესვისთვის“ გააკრიტიკეს. 
 
სააკაშვილი და ოქრუაშვილი იმ ფორუმზე გამოვიდნენ სიტყვით, სადაც მთელი საქართველოდან “ახალგაზრდა პატრიოტთა“ ბანაკების ათასობით მონაწილე შეიკრიბა.  ამ ახალაგაზრდებმა ზაფხული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბანაკებში გაატარეს. ბანაკებს „პატრიოტული ბანაკები“ ეწოდათ და ორგანიზატორთა თქმით, ახალგაზრდობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავდა მიზნად. 11 სექტემბერს სპორტის სასახლეში ამ პროგრამის 11 000-მდე მონაწილე შეიკრიბა ფორუმზე სახელწოდებით “პატრიოტები მოდიან“. 
 
“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ისევე როგორც თავად პრეზიდენტი სააკაშვილი, ამ ბანაკების ხშირი სტუმრები იყვნენ. ხელისუფლებამ ზაფხულის განმავლობაში მედიის საშუალებით პატრიოტული ბანაკების ინიციტივა ფართოდ გააშუქა. 11 სექტემბერს კი ფორუმი ყველა წამყვანმა ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში გადასცა.  
 
ფორუმის ყურადღების ცენტრში საქართველოს გამთლიანების საკითხი იდგა.
 
“ჩვენი აღთქმული ქვეყანა – ერთიანი საქართველო, რომლის საზღვრებიც ფსოუსთან, როკის გვირანთან გადის … ჩვენ მშვიდობიანი გზით გავაერთიანებთ საქართველოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილმა აფხაზეთში 1993 წელს შეიარაღებულ კონფლიქტში დამარცხებაში ქართველი “მოღალატეები“ დაადანაშაულა. “ჩვენ აღარ დავუშვებთ ამგვარ ღალატს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი “ცინიკოსი და პესიმისტია“, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ მთავრობას. “კარგით, გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ გააუმჯობესოთ რამე?“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
“ეს ხალხი ხშირად გვეუბნება ჩვენ, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ აფხაზეთის გამო. რისთვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? აფხაზეთიდან 250 000 უმწეო ადამიანის გამოძევებისთვის [1993 წელს]? სად არის სამართალი? ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ და არა კაპიტულანტების მხარეზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
სააკაშვილმა მოუწოდა ფორუმის მონაწილეებს “პატრიოტიზმის მქადაგებელნი“ გახდნენ სხვა ახალგაზრდებში, რათა “ამოიძირკვოს“ პესიმიზმი და ცინიზმი.  
 
თავის გამოსვლაში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება აფხაზეთზე და განაცხადა, რომ მან ცოტა ხნის წინ ფარულად რამდენიმე დღე გაატარა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. ფორუმის ორგანიზატორებმა ოქრუაშვილის დასწრება ღონისძიებაზე იმ ფაქტით ახსნეს, რომ “პატრიოტული ბანაკების“ საქმიანობის განრიგში ელემენტარული სამხედრო ტიპის მომზადებაც შედიოდა. 
 
“მე რამდენიმე დღე აფხაზეთში ვიყავი რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად. იქ რამდენიმე დღე დავრჩი, ტყეში მეძინა. და იქ ყოფნის დროს პირობა დავდე, რომ არც ერთი ჩვენგანი აღარ ივლის საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც პარტიზანი. ეს დრო მალე მოვა, დრო, როცა ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა თუ რა იყო მისი აფხაზეთში ვიზიტის მიზანი. 
 
“საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, რომლებიც ცდილობენ უიმედობა დათესონ; ეს ხალხი, მე ძირითადად ჩვენს ოპოზიციას ვგულისხმობ, ამბობს, რომ არმიაში მსახური დროის კარგვაა და აცხადებენ, რომ საქართველომ არ უნდა შეიძინოს ახალი იარაღი … ჩვენ მეომარი ხალხი ვართ და რომ არა ეს, ჩვენ დავიღუპებოდით … ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ საქართველო არ გავაერთიანოთ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, იგი ბედნიერია, რომ ახალგაზრდობაში პატრიოტული სულისკვეთება იღვიძებს. “ორი წლის წინ ბევრი თქვენგანი უიმედოდ იყო … მაგრამ ერთობამ ძალა მოგვცა, რომ მოგვეწყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც ახალი გვერდი გადაშალა თქვენს ცხოვრებაში … დავით აღმაშენებლის შემდეგ არც ერთ თაობას არ ჰქონია ასეთი შანსი საქართველოში, რომ აეშენებინა წარმატებული ქვეყანა; თქვენ გაქვთ ეს შანსი“, – დასძინა ოქრუაშვილმა.


“პატრიოტული ბანაკის“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მომავალ წელს პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.


მიუხედავად იმისა, რომ “ახალგაზრდა პატრიოტების“ ამ ახალ მოძრაობას არც სტრუქტურა და არც ლიდერი არ ჰყავს, იგი ძალიან ჰგავს გაზაფხულზე რუსეთში შექმნილ მსგავს მოძრაობას. ხელისუფლების მიერ შექმნილი პრო–პუტინისეული ახალგაზრდული მოძრაობის – “ნაში“ (ჩვენები) – მიზანია პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა ახალგაზრდობაში.

Exit mobile version