სააკაშვილი ქვეყნის სამეტაპიან განვითარებაზე საუბრობს

დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის განვითარების იმ სამი ეტაპის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიმდინარეობს.


სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანამ პირველი ეტაპი უკვე გაიარა, რაც სახელმწიფო აპარატის  – კანცელარიის, პოლიციის, პროკურატურის, საგადასახადო ინსტიტუტების, არმიის  – რეფორმირებაში და კორუფციის დონის შემცირებაში გამოიხატა.


პრეზიდენტის თქმით, მეორე ეტაპი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო ინფრასტუქტურის აღმშენებლობით და ენერგეტიკის სფეროს რეფორმირებით. 

“გზების ასეთი მასშტაბური მშენებლობა დიდი ხანია არ ყოფილა. სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში და განსაკუთრებით თბილისში გზების მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, 2007 წლიდან დაიწყება თბილისი–გორის ავტოტრასის მშენებლობა, რომლის “დასრულებას 2 წელში ვვარაუდობთ“.


პრეზიდენტის განცხადებით, ზამთრის პერიოდში – დეკემბერ–თებერვალში გადახდის შემთხვევაში ქვეყანას 24 – საათიანი ელეტრომომარაგება ექნება, რაც ენერგეტიკაში მთავრობის მიერ განხორციელებული საგანგებო ღონისძიებათა პროგრამის შედეგი იქნება.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მესამე ეტაპი იქნება სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.


“ჩვენ ბიზნესს ვუწვდით თანამშრომლობის ხელს, რადგან მხოლოდ ერთად შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version