დღეს ბიზნესმენთა ფედერაციაში ფონდ -ათასწლელულის გამოწვევა საქართველოს და ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი პროექტის პრეზენტაცია შედგა, რომელიც საქართველოსთვის 300 მლნ დოლარამდე ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. აშშ–ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ აღნიშნული პროექტი16 აგვისტოს დაამტკიცა.
ფონდი-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ლაშა შანიძის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოსათვის დაგეგმილია საკონსულტაციო კომიტეტის შექმნა, რომელიც საშულებას მისცემს კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავოს . რვა–წევრიან საკონსულტაციო კომიტეტში არასამთავრობო სექტორის – სამი, ბიზნესის – ორი და მთავრობის სამი წარმომადგენელი შევა.
საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ხანგრძლივობა 5 წელია და მისი მიზანია სიღარიბის დაძლევა და საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ ოთხი პრიორიტეტული სფერო გამოყო:
• სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურისა და გზების რეაბილიტაცია;
• ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გზების და ხიდების, წყლის და სანიტარული სისტემების, ირიგიციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია;
• სოფლის მეურნეობა და ტურიზმი;
• მაგისტრალური გაზსადენის (ჩრდილოეთ-სამხრეთის) რეაბილიტაცია, რაც საქართველოს გაზის სისტემის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.