გამყრელიძის ბრალდებებს მაჭავარიანი პასუხობს

“მემარჯვენე ოპოზიციის“ ფრაქციის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე რამიშვილი–ბექაურის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა და ამ საქმესთან ვიცე–სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის კავშირზე გააკეთა განცხადება. გამყრელიძემ ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით არაადექვატურ რეაგირებაშიც დასდო ბრალი. მანვე დღეს ნინო ბურჯანაძეს და მთლიანად პარლამენტს “ქმედუუნარო” უწოდა.


“მე ვიცოდი [შალვა] რამიშვილისაგან, რომ სექტემბრიდან „202“–ზე საგამოძიებო ფილმები უნდა გასულიყო. ერთი ბექაურის მიერ საბაჟო ტერმინალ „ოპიზას“ შეძენას, მის უეცარ გამდიდრებასა და ამ ყველაფერთან [მიხეილ] მაჭავარიანის კავშირს ეხებოდა… მეორე კი ვანო მერაბიშვილის საქმიანობას მისი უშიშროების მინისტრობის დროს“, განაცხადა 5 სექტემბერს გამყრელიძემ.


დღესვე მიხეილ მაჭავარიანი მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მათ “სიბინძურე და პროვოკაცია“ უწოდა.


“თუ გამყრელიძე ვერ დაამტკიცებს საკუთარ ბრალდებებს, მე მას არაერთი ბოდიშის მოხდას მოვთხოვ“, განაცხადა 5 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანმა.


მას მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, “დაუსრულებელ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს”.


“ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ყველამ უნდა გაიგოს, რომ არანაირი თანამდებობა არ იქნება ფარი არავისთვის – იქნება ეს ჟურნალისტი თუ დეპუტატი“, დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version