მოსკოვი რუსი სამშვიდობოების კუთვნილი ტვირთის დაკავების ფაქტებს აპროტესტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 სექტემბერს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში პროტესტს გამოთქვამს ქართული მხარის “პროვოკაციული“ ქმედებების გამო, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო ძალების კუთვნილი ტვირთების დაკავების ფაქტებს უკავშირდება.


ქართველმა სამართალდამცავებმა 31 აგვისტოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ორი მანქანა დააკავეს და მათ ასობით სიგარეტის კოლოფი ჩამოართვეს იმ მოტივით, რომ ეს იყო კონტრაბანდული საქონელი, რომელიც აფხაზეთიდან სამეგრელოში შედიოდა.


“მანქანები მხოლოდ [დსთ–ს] კოლექტიური ძალების ხელმძღვანელობის ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს, ამასთან ტვირთის ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იყო სამხედრო მოსამსახურეებისათვის, დაბრუნებული არ არის“, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.


ანალოგიური ინციდენტი კონფლიქტის ზონაში 12 აგვისტოსაც მოხდა, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა რუს სამშვიდობოებს 13,000 კოლოფი სიგარეტი და ათობით ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ჩამოართვეს.


“ეს უკვე მეორე აქციაა მხოლოდ აგვისტოს განმავლობაში… ასეთი აქციები უნდა შეწყდეს და დაკავებული ტვირთები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაბრუნებული… მსგავსი ქმედებები არღვევენ დსთ–ს სამშვიდობოთა თავისუფალი გადაადგილების წესს, მათი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების სტატუსს … უფლებას შეზღუდვის გარეშე შეიტანონ [კონფლიქტის ზონაში] აღჭურვილობა, სურსათი, საყოფაცხოვრებო საგნები და სხვა საქონელი, რომელიც მათთვის არის განკუთვნილი“, ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან დაკავშირებით მოსკოვი თბილისს დსთ–ს წევრი ქვეყნების მიერ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების თაობაზე 1994–სა და 1996 წელს ხელმოწერილ დოკუმენტებს ახსენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version