“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზურაბიშვილის ფრაქციიდან გასვლას აფასებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა დავით ზურაბიშვილის მიერ უმრავლესობის დატოვება. 30 აგვისტოს “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა ფრაქციის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.


“ზურაბიშვილის მოადგილედ დანიშვნა ჩემი ინიციატივა იყო, მაგრამ მისი ამ თანამდებობაზე საქმიანობა მხოლოდ განსხვავებული კაბინეტითა და მდივნით შემოიფარგლა, რის გამოც მისთვის საყვედური არასოდეს მითქვამს“, განაცხადა 30 აგვისტოს მაია ნადირაძემ.


პარლამენტის ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ზურაბიშვილისთვის დეპუტატ კობა ბაქაურის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი უმრავლოსობიდან გასვლის საბაბი გახდა.


“ჯერ გაერკვია ფრაქციასთან ის საკითხი [ბექაურის თემა], რომლის განხილვასაც ჩვენ ვაპირებთ და შემდეგ გადაედგა ეს ნაბიჯი“, განაცხადა დღეს მიხეილ მაჭავარიანმა.


“ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ 4 სექტემბერს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები ზურაბიშვილის საკითხის განხილვას აპირებდნენ და ფრაქციიდან გასვლით ზურაბიშვილმა უბრალოდ მოვლენებს დაასწრო.


“უკვე დიდი ხანია, რაც ზურაბიშვილი მხარს არ უჭერდა ჩვენს მიერ წარმოებულ რეფორმებს, მათ შორის განათლების სფეროში“, დასძინა ბოკერიამ.


დავით ზურაბიშვილის მიერ უმრავლესობის დატოვების მიზეზი გახდა ის განცხადებები, რაც მისი მისამართით გიგა ბოკერიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ზურაბიშვილმა დეპუტატ კობა ბექაურის ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფრაქციის სხდომაზე განხილვა მოითხოვა. ბოკერიამ ზურაბიშვილს “უპასუხისმგებლო პოზიციის“ დაკავებაში დასდო ბრალი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version