თევდორაძე ბექაურის საკითხის ფრაქციის სხდომაზე გარკვევას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ 29 აგვისტოს მოითხოვა “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე იქნას განხილული ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერის კობა ბექაურის ირგვლივ შექმნილი ვითარება, რომელიც 27 აგვისტოს ტელეკომპანია “202“–ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრებას უკავშირდება.


“აუცილებლად დავაყენებ ფრაქციის სხდომაზე ბექაურის ირგვლივ შექმნილ სიტუაციის განხილვის საკითხს, რადგან საზოგადოებას და მათ შორის დეპუტატებს ბევრი შეკითხვა დაებადა, რომლებზეც უნდა მივიღოთ პასუხი“, განაცხადა ელენე თევდორაძემ და აქვე დასძინა, რომ მისი ხანგრძლივი დეპუტატობის მანძილზე მსგავს ფაქტს მის ფრაქციაში ადგილი არასოდეს არ ჰქონია.


“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს კობა ბექაურს შალვა რამიშვილი აშანტაჟებდა და 100 ათასს დოლარს თხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ ბექაურის მაკომპრომეტირებელ მასალას “202“–ის ეთერში არ გაუშვებდა. შსს–ს ოპერატიულ ვიდეო მასალაში ჩანს, თუ როგორ გადასცემს ბექაური რამიშვილს თანხას  – 30 ათასს დოლარს, რის შემდეგაც რამიშვილს მტკიცებულებით აკავებენ.

სტუდია “რეპორტიორი“, რომელსაც ეთერით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება “202“–თან აქვს გაფორმებული, ამზადებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ბექაურის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ეხებოდა, მათ შორის ბექაურის კავშირს კერძო საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან“.

თავად ბექაურის განმარტებით, მის მიერ ფულის გადახდის მიზანი მედიაში არსებული კორუფციის გამოვლენა იყო და მასზე არავითარი კომპრომატები არ არსებობს.

Exit mobile version