შალვა რამიშვილი შიმშილობას იწყებს

შალვა რამიშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა დაპატიმრების გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო. ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელი 27 აგვისტოს ფულის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს.


“შალვა რამიშვილს ჩვენება ჯერ არ მიუცია. მისი თქმით, იგი უდანაშაულოა. იგი საქმეს შეთითხნულს და პროვოკაციას უწოდებს“, განუცხადა დავით კორკოტაშვილმა ჟურნალისტებს.


რამიშვილს პარლამენტარ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში ედება ბრალი. სამართალდამცავების თქმით, რამიშვილი დაემუქრა ბექაურს, რომ თუ ეს უკანასკნელი ფულს არ გადაიხდიდა, მის წინააღმდეგ კომპრომატებს გამოაქვეყნებდა.


28 აგვისტოს გამომძიებელთა ჯგუფი შეეცადა ტელეკომპანია “202“-ში ჩხრეკა ჩაეტარებინა, თუმცა თანამშრომლებმა სამართალდამცავები ოფისში არ შეუშვეს, რადგანაც გამომძიებლებს ჩხრეკის ორდერი არ აღმოაჩნდათ.


სტუდია “რეპორტიორის“ ჟურნალისტებმა 28 აგვისტოს განაცხადეს, რომ დეპუტატი ბექაური მათ დაშინებას ახორციელებს.


“რეპორტიორის“ ჟურნალისტები კობა ბექაურის უკანონო საქმიანობის გამოძიებაზე მუშაობდნენ, რომელიც საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ უკავშირდება. ამ გამოძიების თანახმად, ტერმინალი, რომლის მფლობელიც კობა ბექაურია, საქართველოს საბაჟო სამსახურს აქვს ნაქირავები. “რეპორტიორს“ კონტრაქტი აქვს გაფორმებული ტელეკომპანია “202“-თან, რომლის თანახმადაც მათი საგამოძიებო სიუჟეტები ტელეკომპანია “202“–ის ეთერში უნდა გავიდეს. 


“რეპორტიორის“ ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესსნიუსს“ განუცხადა, რომ კობა ბექაურმა რამდენჯერმე დაურეკა “რეპორტიორის“ მეორე ჟურნალისტს და მას სიუჟეტზე მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version