ცხინვალი უარყოფს, რომ დაკავებული ოსები ქართულმა პოლიციამ გაათავისუფლა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ და რუსმა სამშვიდობოებმა უარყვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება კონფლიქტის ზონაში ხანმოკლე პერიოდით გატაცებული ხუთი ოსი ეროვნების მოქალაქის გათავისუფლების თაობაზე და ამ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდეს.   


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ მანქანა, რომელსაც ხუთი ოსი მოქალაქე გადაჰყავდა – სამი კაცი, ერთი ქალი და ერთი ბავშვი – სოფელ კეხვში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს.


მინძაევის განცხადებით, ქალი და ბავშვი მაშინვე გაათავისუფლეს, ორმა კაცმა შეძლო გაქცევა, ხოლო ერთი – ავთანდილ პლიევი, “რომელმაც ვერ შეძლო გაქცევა, სასტიკადაა ნაცემი“. მინძაევი  ინციდენტის მსხვერპლების სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდნენ კონფლიქტის ზონაში 6 ივნისიდან გაუჩინარებული ოთხი ქართველის ნათესავები, ასევე ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 აგვისტოს იტყობინებოდა, რომ ხუთი ოსი ეროვნების მოქალაქე, რომლებიც გაუჩინარებული ქართველების ნათესავებმა გაიტაცეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შემდეგ გაათავისუფლეს. 


თუმცა, სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი იანცევიჩმა ასევე უარყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა ოსების გათავისუფლების საქმეში.    

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version