ხაინდრავამ სამცხე-ჯავახეთში მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხი განიხილა

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, რომელიც საქართველოდან 40-იან წლებში დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეა, მაჰმადიანი მესხების რეპატირაციის საკითხის განსახილველად 14 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა.


ვიზიტის დროს გიორგი ხაინდრავა ახალქალაქში, სადაც ძირითადად სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და  პოლიტიკურ მოძრაობების „ჯავახკის“, „ვირქის“, „ერთიანი ჯავახკის“ წარმომადგენლებს შეხვდა.


სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მაჰამადიანი მესხების რეპატრიაცია სახელწმიფოს მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.


კერძოდ, რეპატრიაცია უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, ეტაპობრივად, განსაზღვრული ქვოტებით და ადამაინის უფლებების სრული დაცვის პირობებში.


სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ხაინდრავა მაჰმადიანი მესხების რეპატირაციის საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს ყველა რეგიონს ეწვევა.


საქართველომ ევოპის საბჭოში 1999 წელს გაწევრიანებისას იკისრა ვალდებულება 1944 წელს გადასახლებული მაჰმადიანი მესხების რეპატირაციის თაობაზე, რაც 2012 წლამდე უნდა დასრულდეს. საქართველოს პრეზიდნეტის ბრძანებულებით, მიმდინარე წლის მარტში ამ საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისია შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდარავს ხელმძღვანელობით.  

Exit mobile version