ბათუმის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გატანა უამინდობის გამო ვერ ხერხდება

ორი რუსული სადესანტო ხომალდი უკვე მეორე დღეა ვერ ახერხებს ბათუმის სამხედრო ბაზიდან ტექნიკის გატანას უამინდობისა და ძლიერი შტორმის გამო.


ამიერკავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების შტაბის მეთაურის მოადგილის ვლადიმერ ყუფარაძის განცხადებით, რუსული სამხედრო ტექნიკის სადესანტო ხომალდებზე გადაყვანის პროცესი 12 აგვისტოსთვის გადაიდო.


ამ ეტაპზე ბათუმის სამხედრო ბაზას ჯავშანტექნიკის 40  ერთეული, მათ შორის 20 ტანკი, საზენიტო დანადგარი „შილკას“ 3 ერთეული და 12 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „კრუგი“ დატოვებს.


საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 30 მაისს მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2005 წლის 1 სექტემბრისთვის ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებიდან ჯავშანტექნიკის სულ ცოტა 40 ერთეული უნდა გავიდეს. გაყვანის პროცესი მთლიანად 2008 წლისათვის უნდა დასრულდეს.   


 

Exit mobile version