გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის შესახებ მოხსენება მოისმინა

27 ივლისს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰაიდი ტალიავინი გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მოხსენებით წარსდგა, იუწყება გაეროს საინფორმაციო ცენტრი.


ტალიავინის თქმით, მხარეები სამშვიდობო პროცესის განახლებაში დაინტერესებულები არიან, რისი დასტურიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გამართული რიგი შეხვედრებია. თუმცა 22 ივლისს თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა გაეროს ეგიდით თბილისში გამართულ შეხვედრას, სადაც უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა ემსჯელათ. აფხაზურმა მხარემ ბიოკოტი ახსნა, როგორც აფხაზეთში მიმავალი თურქული გემის [ქართული მხარის მიერ] დაკავების საპასუხო ნაბიჯი.


საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა აფხაზეთის საკითხებში ირაკლი ალასანიამ, რომელიც ამავდროულად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეცაა, გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნო ქართული მხარის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.


თბილისის წინადადებები გულისხმობს ერთობლივი, ქართულ–აფხაზური განცხადების მიღებას, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საწინააღმდეგო გარანტიებს ითვალისწინებს. დოკუმენტში ასევე საუბარია აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებაზეც.


გაეროს რადიოსთან ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინიმ განაცხადა, რომ კმაყოფილია ქართული მხარის მიერ ერთობლივი განცხადების პროექტის შემუშავების გამო. მისი თქმით, საკუთარი წინადადებები აქვს ასევე აფხაზურ მხარესაც.


ტალიავინის განცხადებით, მხარეების მიერ დამოუკიდებლად წარმოდგენილ წინადადებებში ბევრი პუნქტი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა არა ყველა. “ასე რომ უახლოესი პერიოდის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ უფრო დაახლოვდეს მხარეთა პოზიციები“, აცხადებს ტალიავინი.

Exit mobile version