კემულარია ბენდუქიძის საპრივატიზაციო წესების გაუქმებას ითხოვს

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრობის დროს, 2004 წლის აგვისტოში მიღებული იმ ბრძანებულების გაუქმება მოითხოვა, რომელიც საპრივატიზაციო კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს.


“აღნიშნული ბრძანებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პრივატიზაციის შესახებ კანონთან, უნდა შეიცვალოს და პრივატიზაციის პროცედურები უფრო გამჭვირვალე, დემოკრატიული და ინვესტორების უფლელებების დაცვაზე ორიენტირებული უნდა გახდეს“, განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კოტე კემულარიამ.


მისი თქმით, ამ ბრძანებულების გაუქმება არანაირ კავშირში არ არის “წარმატებულად“ მიმდინარე პრივატიზაციის პროცესთან, “საუბარია მხოლოდ წინასაპრივატიზაციო მოლაპარაკებების ფორმების დახვეწაზე“.


თუმცა სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე არ იზიარებს კოტე კემულარიას მოსაზრებას მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანებულების კანონთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით. “ეს [ბრძანებულება] კონკურსის ჩატარების მოქნილ წესებს განსაზღვრავს და კანონთან აბსოლუტურად თავსებადია“, განუცხადა ბენდუქიძემ 27 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს.

Exit mobile version