აფხაზეთის ოპოზიცია ხელისუფლებას მტკიცე პოზიციის დაკავებას სთხოვს

19 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ის განცხადებები, რომლებიც აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების გავლენიანი ჯგუფის “სახალხო ერთობის ფორუმის“ მიერ გაკეთდა.   


“სახალხო ერთობის ფორუმმა“ 14 ივლისს აფხაზეთის მთავრობასა და პრეზიდენტს მიმართა და გამოთქვა შიში იმ იურიდიული მექანიზმების არარსებობის თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას თვითგამოცხადებულ რეგიონში დაწყებულ საპრივატიზაციო პროცესში.


“ამგვარი იურიდიული მექანიზმების ნაკლებობა იმ სიტუაციამდე მიგვიყვანს, რომლის დროსაც ყველა ეკონომიკური ბერკეტი უცხოელი ინვესტორის ხელში აღმოჩნდება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ [პრივატიზებული] ობიექტები ქართველებს საკუთრებაში არ გადაეცემა“, ნათქვამია მიმართვაში.


ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობა უმოქმედობაშიც დაადანაშაულეს აფხაზეთში “ქართველ დევნილთა სპონტანური დაბრუნების“ აღკვეთის კუთხით. ოპოზიცია აცხადებს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც აფხაზური სასამართლოს გადაწყვეტილებამ საშუალება მისცა რამდენიმე ქართველ დევნილს დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში, სადაც ისინი კონფლიქტამდე ცხოვრობდნენ.


“სახალხო ერთობის ფორუმი“ ასევე წინააღმდეგია აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებისა იმ ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც სპონტანურად დაბრუნდნენ გალის რაიონში.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version