გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გამავალი ცენტრალური გზა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, 17 ივლისს მას შემდეგ გაიხსნა, რაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ სიტუაციას რეგიონში “კარგად დაგეგმილი პროვოკაციები“ ართულებს.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 6 ივნისს გაუჩინარებული ოთხი ქართველის ნათესავებს რამდენიმე კვირის განმავლობაში რეგიონის ცენტრალური გზა გადაკეტილი ჰქონდათ. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ თბილისის და ცხინვალის ხელისუფლებების მიმართ და დაკარგულთა ძებნის ოპერაციების გაძლირებას სთხოვდნენ.
სიტუაცია კონფლიქტის ზონაში პირველად 29 მაისს გაუარესდა, როდესაც სოფელ თამარაშენთან მომხდარ შეტაკებას ოთხი ოსი და ერთი ქართველი პოლიციელი შეეწირა. ამ ინციდენტს მოჰყვა ოთხი ქართველის გაუჩინარება კონფლიქტის ზონაში. მათი ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
მიუხედავად ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებისა ორივე ინციდენტის ერთობლივი გამოძიების თაობაზე, არც ერთი საქმე ჯერ გამოძიებული არ არის. თბილისი და ცხინვალი გამოძიების დაწყების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები ქართულ და ოსურ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო, რამაც კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი დღის წესრიგიდან მოხსნა.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას თქმით, ეს გარკვეული ძალების მიზანმიმართული ქმედება იყო. მან მინიშნება რუსეთზე გააკეთა.
“ჩვენ ველოდით მოვლენათა ამგვარ განვითარებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტოტალური კონტროლი დაამყარა სამხრეთ ოსეთზე თავისი [რუსეთის] ოფიციალური პირების დანიშვნით“, განაცხადა ხაინდრავამ. მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის მოქალაქის იური მოროზოვის დანიშვნა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრემიერ–მინისტრის მიხეილ ფრადკოვის ახლო მეგობარია.
ხაინდრავას განცხადებით, ორივე ინდიცენტი “კარგად დაგეგმილი პროვოკაციის“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის ზრდას კონფლიქტის ზონის ადგილობრივ მოსახლეობაში. მან შიში გამოხატა იმის თაობაზე, რომ ისინი, ვინც დაინტერესებულნი არიან დაძაბულობის გამწვავებაში, შესაძლოა გამოიყენონ დაკარგული ქართველების ნათესავების განრისხება თავიანთი მიზნებისთვის. “ვფიქრობ, დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია განზრახ იმალება, რათა შენარჩუნდეს დაძაბული სიტუაცია“, დასძინა მან.
“მე აბსოლუტურად მესმის იმ ოთხი ქართველის ნათესავებისა, რომლებიც ერთ თვეზეა მეტია დაიკარგნენ. მათ [ნათესავებმა] არაფერი იციან გაუჩინარებულების ბედის შესახებ“, განაცხადა ხაინდრავამ, თან აქვე დასძინა, რომ იგი გამორიცხავს, რომ ეს ოთხი ადამიანი 29 მაისს მომხდარი ინციდენტის შურისძიების მიზნით გაიტაცეს.
კონფლიქტის ზონაში გზის გახსნა, მოსალოდნელია, რომ ცოტათი მაინც შეამსუბუქებს დაძაბულობას. თუმცა, შესაბამისი გამოძიების გარეშე, 29 მაისის და 6 ივნისის ინციდენტები კვლავ იქნება თბილისის და ცხინვალის სხვადასხვა ინტერპრეტაციებისა და პოტენციური დაძაბულობის წყარო. იარაღის დიდმა რაოდენობამ, არასანქცირებულმა ქართულმა და ოსურმა საგუშაგოებმა და კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა შეიარაღებულმა პირებმა შესაძლოა ნებისმიერ დროს კიდევ უფრო შეარყიოს ისედაც სუსტი მშვიდობა რეგიონში.