ცსკ–მ მხარი არ დაუჭირა მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევითობაზე სარეფერენდუმო წინადადებას

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) 7 წევრიდან 6–მა არ დაუჭირა მხარი რამოდენიმე ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ განაცხადს,  მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე იმ მოტივით, რომ სარეფერენდუმო შეკითხვა არ იყო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი.


ოპოზიციური პარტიების “რესპუბლიკელების“, “კონსერვატორების“, მოძრაობა “სახალხო ფორუმისა“ და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯფუფის შეკითხვა იყო: “თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს ყველა დასახლებული პუნქტის (ქალაქის, დაბის, თემისა და სოფლის, რომელიც არ შედის თემში) მერი/გამგებელი აირჩეს პირდაპირი კენჭისყრით ამ დასახლებული პუნქტების მოსახლეობის მიერ?“.


ცსკ–ოს წევრთა განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა სრულად არ გაითვალისწინა მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე, 15 ივლისს გამოთქმული შენიშვნები. მათ შორის კითხვის ფორმულირებაში სიტყვების “პირდაპირი კენჭისყრის“ სიტყვებით “პირდაპირი არჩევნების გზით“ შეცვლასთან დაკავშირებით და ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრთა მისამართების სრულყოფილად მითითების შესახებ. 

მოგვიანებით უარის იურიდიულ არგუმენტაციას ცსკ–ო ოფიციალურად გამოაქვეყნებს.


16 ივნისს მაშინ, როცა სარეფერენდუმო წინადადება ოფიციალურად წარედგინა ახლადარჩეულ ცსკ–ოს, რომლის სრული შემადგენლობა პრეზიდენტის წადგინებით პარლამენტის დამტკიცებულია, ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ ცსკ–ს მიერ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა პირველი გამოცდა, თუ რამდენად მიუკერძოებელია ახალი საარჩევნო კომისია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version