ცხინვალთან მიმართებაში თბილისს სამშვიდობო ზრახვები ამოძრავებს

“საქართველო გამოიყენებს მის ხელს არსებულ ყველა კანონიერ საშულებას იმ პრობლემების [კონფლიქტების] მშვიდობიანად და სამართლებრივად მოგვარებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის დროს“, ნათქვამია 8 ივლისს მიღებულ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად მოახდინა საკუთარი მოქალაქეებისადმი, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი იმის დეკლარირება, რომ საქართველო კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს.


ამის კიდევ ერთი დემონსტრირება 10–11 ივლისს ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია იყო, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის დეტალები წარმოადგინა. კონფერენციის ძირითადი მესიჯი ის იყო, რომ საქართველო ხელისუფლება მზად არის სამხრეთ ოსეთის სტატუსის გვერდის ავლით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის დარეგულირებისაკენ. სტატუსის საკითხი ის თემაა, რაზეც ცხინვალის ხელისუფლება, რომელიც “დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებს“,  ყველაზე მტკივნეულად რეაგირებს. სტატუსის საკითხის წინ წამოწევა,  დამკირვებელთა მოსაზრებით, კონფლიქტის მოგვარების პროცესს აფერხებს.


სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ყველა პოზიტიური წამოწყება ცხინვალის მიერ აღიქმება, როგორც PR აქცია, რომელიც გათვლილია საერთაშორისო აუდიტორიაზე. დე ფაქტო ხელისუფლება თბილისის ნებისმიერ ინიციატივას ღიად აძლევს ამგვარ კვალიფიკაციას. სწორედ, ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ცხინვალმა ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების დეკლარაციული ტიპის შეთავაზებები გამჭვირვალობის ნაკლებობის, ცხინვალის მხრიდან მათი აღქმადობის გათვალისწინების გარეშე და უფრო PR–ზე გათვლილი ეფექტების გამო სამხრეთ ოსეთში ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. 


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოსების თვალში საქართველოს “იმიჯის შელახვა“ 2004 წლის აგვისტოს მოვლენებმა განაპირობა, როცა კონფლიქტის ესკალაციას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს მოსახლეობაში, ისევე როგორც პოლიტიკური ელიტის ნაწილში, აქტიურად მუსირებს აზრი, რომ აგვიტოს მოვლენები თბილისის შეცდომა იყო, რამაც წლების განმავლობაში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის გაღრმავებული ინტეგრაციული და ნდობის აღდგენის პროცესები შეაფერხა და რამოდენიმე წლით უკან დახია. თუმცა საქართველოს ხელისუფლება დაშვებულ შეცდომებზე არ საუბრობს, რაც ალბათ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.


სამაგიეროდ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალს სთავაზობს ფართო ავტონომიურ უფლებებს, რაც სამხრეთ ოსური რეალობის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით შესაძლოა “არაადექვატურიც“ კი იყოს, მითუმეტეს, რომ საბჭოთა საქართველოში სამხრეთ ოსეთს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიებთან შედარებით უფრო დაბალი, ოლქის სტატუსი ჰქონდა.


დღეს კი თბილისი ცხინვალს “აბსოლუტურ თვითმმართველობას“, კულტურულ ავტონომიას, რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის “პრივილეგირებულ რეჟიმს“, ასევე პრივილეგირებულ ეკონომიკურ და საგადასახადო სისტემასა და ქონების რესტიტუციას სთავაზობს.


დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ თბილისმა თავბრუდამხვევი ინიციატივების ნაცვლად, რაც ხშირ შემთხვევაში რეალობას მოწყვეტილია, უმჯობესია “მცირე ნაბიჯების პოლიტიკა“ აირჩიოს.


ერთ–ერთი ასეთი ნაბიჯი, რასაც პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმაც ითვალისწინებს და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებათა ნუსხაშიც არის ასახული, რესტიტუციის კანონის მიღებაა. ამ კანონპროექტზე, სადაც ძირითადი ორიენტირი წინასწარ ცნობილია, რომ ოს მოსახლეობაზეა აღებული, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. ცხინვალში რესტიტუციის კანონის მიღებასა და მის ამოქმედებას ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის თვალით უყურებენ.


”კონფლიქტის დროს დაზარალებულთა ბინადრობისა და საკუთრების რესტიტუციის შესახებ კანონის მიღება სამართლიანობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესის განვითარების ქმედით მექანიზმს წარმოადგენს. კანონპროექტის საბოლოო ჩამოყალიბებამდე და მისი საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე მნიშვნელოვანია მისი საჯარო განხილვა კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის მიერ”, ნათქვამია ბათუმის კონფერენციის შემაჯამებელ დეკლარაციაში.


თუმცა რესტიტუციის კანონის ამოქმედება ძალიან ძვირი, სავარაუდოდ ასობით მლნ დოლარი დაჯდება, რადგან ფულადი კომპენსაციები 1991–92 წლების კონფლიქტში 40 ათასამდე დაზარალებულზე უნდა გაიცეს.  წინასწარვე ცხადია, რომ საქართველოს ბიუჯეტის შესაძლებლობებს ეს იდეა აღემატება და შესაბამისად ხელისუფლებაც უცხოელ დონორებზე ამყარებს იმედებს.


რესტიტუციის პირველი მცდელობა თბილისმა ცოტა ხნის წინ განახორციელა, როცა ბორჯომის რაიონში, საიდანაც კონფლიქტის დროს უამრავი ოსური ოჯახი იქნა განდევნილი, რამოდენიმე ოჯახი ჩრდილოეთ ოსეთიდან დააბრუნა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მათი უმეტესობა კვლავ ჩრდილოეთ ოსეთში გაბრუნდა შესაბამისი სოციალურ–ეკონომიკური პირობების არ არსებობის გამო. ამდენად, რესტიტუციის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებას ერთჯერადი კომპენსაციების გაცემის გარდა, ოსური მოსახლეობის ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც მოუწევს.


რეალურ ეფექტზე გათვლილი ნაბიჯი შეიძლება იყოს ასევე ქართულ–ოსური, ორმხრივი დიალოგის ფორმატის დამკვიდრება. დღეს  ცხინვალის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მხოლოდ ოთხმხრივი ფორმატი მოქმედებს.  შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში ქართული მხარე უმცირესობაშია, რადგან დანარჩენი სამი მხარე  – სამხრეთ ოსური, ჩრდილოეთ ოსური და რუსული, როგოც წესი, ერთ პოზიციაზე დგანან. სამი ერთზე პრინციპით მიღებული გადაწყვეტილებების არაეფექტურობას გასული წლის განმავლობაში შსკ–ს გადაწყვეტილებათა მონიტორინგიც მოწმობს, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებათა 90% არ შესრულებულა.


დამკვირვებელთა შეფასებით, შსკ კი არ ეხმარება კონფლიქტის გადაწყვეტას, არამედ ბარიერს უქმნის მას. მაშინ, როცა ორმხრივი დიალოგით უფრო მეტი ეფექტის მიღწევა რომ შეიძლება, ამას გასული წლის ნოემბერში ჟვანია–კოკოითის შეხვედრაც მოწმობს, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული დემილიტარიზაციისა და ეკონომიკური რეაბილიტაციის თაობაზე.  პრეზიდენტი სააკაშვილი დღესაც მხარს უჭერს ნოღაიდელი–კოკოითის რეგულარული შეხვედრების იდეას.


ერთადერთი სექტორი, სადაც ოსური მხარე თბილისთან თანამშრომლობის სურვილს არ მალავს, ეკონომიკაა, რასაც პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმაში მოცულობითი ადგილი უჭირავს.


“საგანგებო მნიშვნელობა აქვს კონფლიქტით დაზარალებული ტერიტოროების ეკონომიკური რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების განხორციელებას, როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე საერთაშორისო მონაწილეობით“, ნათქვამია ბათუმის კონფერენციის დეკლარაციაში, თუმცა აქვე მითითებულია, რომ  საჭიროა “ეკონომიკური რეაბილიტაციისა და პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის პარალელურობის უზრუნველყოფა“.


საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.


უნდა აღინიშნოს, რომ ქართული და ოსური მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის შეხების წერტილი წლების განმავლობაში ერგნეთის ბაზრობა იყო. თუმცა ეს ბაზრობა საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც კონტრაბანდის შავი ხვრელი, გასული წლის ივნისში დახურა, რამაც საგრძნობი ეფექტი მოუტანა საქართველოს ბიუჯეტს.


თუმცა მეორეს მხრივ,  ბაზრობის დახურვას სავაჭრო ურთიერთობების გაყინვისა, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის რუსეთის ფინანსურ წყაროებზე სრული დამოკიდებულება მოჰყვა. თუკი ერგნეთის ბაზრობის ფუნქციონირების პირობებში სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის 70%  ქართველებთან სავაჭრო ურთიერთობებით ფორმირდებოდა, დღეს ეს მონაცემი რუსეთიდან პირდაპირმა ტრანსფერებმა 90%–მდე გაზარდა. შედეგად, სამხრეთ ოსეთი აგვისტოს მოვლენების შემდეგ ეკონომიკურად კიდევ უფრო ინტეგრირებული აღმოჩნდა რუსეთთან, ვიდრე მანამდე იყო. დამკვირვებელთა განცხადებით, ერგნეთის ყოფილ მოვაჭრეთა სოციალური სტატუსი კი მეომართა სტატუსად ტრანსფორმირდა.


ამას ემატება სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსული კანონმდებლობა მოქმედებს და მოქალაქეთა დიდი ნაწილი, მათ შორის პრემიერ–მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი რუსეთის მოქალაქეა, რუსული რუბლის მოქმედება, რუსეთის ბანკების ფუნქციონირება, პირდაპირი ფინანსური დახმარებები მოსკოვიდან და სხვა ეკონომიკური მიბმულობის დამადასტურებელი მაგალითები.


თითქმის ერთადერთი სექტორი, რითაც სამხრეთ ოსეთი დანარჩენ საქართველოზე დამოკიდებული რჩება, ეს გაზის მიწოდებაა. თუმცა 2007 წლისთვის ეს “დამოკიდებულებაც“ აღარ იარსებებს, როცა რუსეთიდან ცხინვალისკენ შემომავალი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება.


ამ პირობებში საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეკონომიკური კავშირები გაღრმავდეს ცხინვალის რეგიონთან, რაც ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნება.


გარდა ამისა თბილისს შეუძლია სამხრეთ ოსური მხარე ევროინტეგრაციის პერსპექტივით მოხიბლოს, რასაც რუსეთი მათ ვერ შესთავაზებს.


“მართებულია, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის ფორმატში მიმდინარე მოპარაკებების განვითარება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესის გააქტიურების თაობაზე“, ნათქვამია 10–11 ივლისის კონფერენციის დეკლარაციაში.


დამკვირვებელთა განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 6–12 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან  გამართული [უპრეცედენტო]  შეხვედრისას თავად დარწმუნდა საქართველოს სურვილის საფუძვლიანობაში გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების შემადგენელი ნაწილი.

Exit mobile version