თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 8 ივლისს განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის საქართველოს და სხვა ნებისმიერ ქვეყანას თანაბარუფლებიანობის პირობებში ესაუბროს, იუწყება “აფსნიპრესი“.
“ჩვენი პოზიცია უცვლელია – ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, განაცხადა ყაბარდო–ბალყარეთში ყოფნისას სერგეი ბაღაფშმა, სადაც მან “ჩრდილოეთ კავკასიის“ ასოციაციის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
აფხაზეთი მზადაა განიხილოს ეკონომიკური პროექტები, რომელიც ბაღაფშის თქმით, “ხელსაყრელი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე აფხაზეთისთვის და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის“.
დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, თბილისთან მოლაპარაკებების პროცესი ემყარება სოჭის [2003 წლის] შეთანხმებას, რომელიც აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და გალის რაიონში დევნილების დაბრუნების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.