სოხუმი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე რეაგირებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 5 ივლისს მიღებულ დადგენილებას თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 ივლისს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ სამშვიდობო პროცესი გაცილებით ეფექტური იქნებოდა, რომ თბილისი მუდმივად არ ეძებდეს მესამე მხარეს ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის მიზნით, იუწყება “აფსნიპრესი“. 


სოხუმი “მესამე მხარედ“ აფხაზეთის საკითხებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ კომიტეტს გულისხმობს, რომლის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზღისით გააქტიურებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ითვალისწინებს. “მაშინ, როცა იგივე რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც ხელს შეუშლის სამშვიდობო პროცესს აფხაზეთში“, ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


სოხუმი ხაზს უსვამს რუსეთის სამშვიდობო მისიის “მნიშვნელოვან როლს“ ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში და აცხადებს “საქართველოს მცდელობები დააკნინოს რუსეთის სამშვიდობო საქმიანობა, მოიზიდოს ახალი შუამავლები და შეცვალოს მოლაპარაკებათა ფორმატი შესაძლოა არასახარბიელოდ აისახოს კონფლიქტის მოგვარებაზე“.


 


 

Exit mobile version