ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაუშვებლად მიიჩნევს 30 ივნისს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლის დროს “ძალის გამოყენებას” და ასევე დაუყოვნებლივ მოითხოვს ამ ინციდენტის დროს დაკავებული 10 პიროვნების გათავისუფლებას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა დოლიძის განცხადებით, დაკავებული ათი პიროვნება, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია და ცხრა მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, ამჟამად თბილისის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ აპირებენ ამ ადამიანების სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გასამართლებას, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის და კოდექსში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული მუხლია, სამინისტროს მხრიდან უპასუხიმსგებლობაა და ეს პიროვნებები უნდა გათავისუფლდნენ“, განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე ანა დოლიძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაკავებულების გათავისუფლება არ მოხდება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს ყველა სამართლებრივ საშუალებას მათ დასაცავად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით 1 ივლისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით “დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ითვალისწინებს…ამ დროისათვის დაკავებულ პირებთან ტარდება წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები“.