თავისუფლების ინსტიტუტში შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს შეშფოთება გამოთქვეს 30 ივნისს მომხდარი ინციდენტების გამო და განაცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე სამართალდმაცავი ორგანოების მიერ საპროტეტსო აქციის მონაწილეთა დაშლა სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდებოდა, ხოლო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ქმედება “არასწორი” იყო.
“მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” ხელმძღვანელის გია ნოდიას თქმით, პოლიტიკური პროცესები არასასურველი მიმართულებით მიდის და პარტიებს შორის დაპირისპირებები არაცივილიზებულ ფორმებს იძენს.
“ოპოზიციამ მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და გაიაზროს, ვის დაუდგეს გვერდზე და ვის ეკუთვნის დაცვა“, განაცხადა გია ნოდიამ.
“ოპოზიციამ არასწორად დასვა აქცენტები შექმნილ ვითარებაში“, განაცხადა “ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა.
თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლევან რამიშვილის განცხადებით, უფრო მართებული იქნებოდა, თუ ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლის გარეშე მომხდართან დაკავშირებით დებატებს პირდაპირ პარლამენტში გამართავდა და “[პარლამენტის]ტრიბუნიდან დასვამდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების საკითხს“.
“სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის” ხელმძღვანელის ალექსანდრე რონდელის განცხადებით, საუბარი არ უნდა მიდიოდეს იმაზე აქვს თუ არა ხელისუფლებას ძალის გამოყენების უფლება.
“თუ ვინმეს შეუძლია ძალის გამოყენება ეს სახელმწიფოა და კარგია, რომ ეს ძალა აჩვენა“, განაცხადა რონდელმა.
ორგანიზაცია “ალტერნატივა“–ს ხელმძღვანელის ირინა ცინცაძის განცხადებით მთავარი პრობლემა ისაა, რომ 30 ივნისს მომხდარმა ინციდენტმა “დაგვნახა, რომ საზოგადოება პატივს არ სცემს ხელისუფლებას, რაც სამწუხაროა“.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცავთა მხრიდან 30 ივნისს დაშვებული ერთადერთი შეცდომა არის ის, რომ მათ ვერ შეძლეს ძალადობის აღკვეთა უზენაეს სასამართლოში. სასამართლოს მიერ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტისა და ძიუდოისტისთვის, რომელთა მხარდაჭერის საბაბითაც მოხდა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია, სამთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის შემდეგ დაკავებულთა ახლობლების მხრიდან სასამართლო დარბაზის დარბევა მოჰყვა.
გია ნოდიას განცხადებით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ “დაუსჯელი დარჩნენ ისინი, ვინც ასე დემონსტრაციულად შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოიჩინა სასამართლოს მიმართ“.