დეპუტატი ერგნეთის ბაზრობის დახურვის უარყოფით მხარეებზე საუბრობს

დიდი ლიახვის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა გაზეთ “რეზონანსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერგნეთის შავი ბაზრობის დახურვამ მთლიანობაში “უარყოფითი შედეგი უფრო მოიტანა, ვიდრე დადებითი“.


ერგნეთის ბაზრობა კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის მთავარი ცენტრი იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში დახურა. ამ ფაქტმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია. ოფიციალური თბილისის განცხადებით, ბაზრობს დახურვამ კონტრაბანდის მასშტაბების შემცირება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა გამოიწვია.


“გაუქმების შემდეგ, მართალია, კონტრაბანდის წილი შემცირდა, მაგრამ ფინანსურად არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. [ბაზრის დახურვის შემდეგ]ბევრი ადამიანი დაუსაქმებელი დარჩა. გარდა ამისა, ურთიერთობა გაწყდა ქართველ და ოს მოსახლეობას შორის. ამას კი შემდეგ შარშანდელი დაძაბულობაც დაერთო [როდესაც ქართულ და ოსურ შენაერთებს შორის შეტაკება მოხდა]“, განაცხადა გურამ ვახტანგაშვილმა.


მისი თქმით, დაახლოებით 2–3 ათასი ადამიანი, როგორც ქართველი ისე ოსი, მუშაობდა ბაზარზე და კონფლიქტის ზონის კიდევ უფრო მეტი მაცხოვრებელი იყო არაპირდაპირ ჩართული იმ საქმიანობაში, რაც ერგნეთის ბაზრის ფუნქციონირებას უკავშირდებოდა.


“მე ვიცი, რომ სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის დაახლოებით 80% სწორედ ამ ბაზრობით ივსებოდა. იმას არ უარვყოფ, რომ კონტრაბანდასთან ბრძოლა საჭირო იყო, მაგრამ ეს როგორმე სხვა ფორმით უნდა გაგვეკეთებინა“, დასძინა დეპუტატმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version