სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის განცხადებით, ოსური მხარე არ აპირებს 9-10 ივლისს ბათუმში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას.
ჯიოევის თქმით, კონფერენცია გათვლილია “დასავლეთის აუდიტორიაზე და არა კონფლიქტის სამართლიანად მოგვარებაზე“.
“რა თქმა უნდა, [თვითგამოცხადებული] სამხრეთ ოსეთიდან არავინ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას [კონფერენციაში]. ამავდროულად, სამხრეთ ოსეთში მზად არიან არსებულ ფორმატში აწარმოონ დიალოგი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით“, იუწყება 21 ივნისს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით.
პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე 9-10 ივლისს ბათუმში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, სადაც განიხილება საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებასთან დაკავშირებით.