რუსულმა ვებ-გვერდმა Grani.ru-მ გამოაქვეყნა საინფორმაციო-ანალიტიკური შეტყობინება, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორ ტატარინცევი. ეს არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური პასუხი დეპუტატების მოთხოვნაზე და ეხება საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს ხელისუფლების ანტი-რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები:
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა აღმასრულებელ სტრუქტურებთან ერთად აწარმოებს ინტენსიურ და დროდადრო ძალიან დაძაბულ მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე (რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია, თანამემამულეთა უფლებების დაცვა და ა.შ.). რუსეთის საგარეო უწყება ასევე მონაწილეობს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა მექანიზმებში.
ქართული მხარის პოზიცია ხშირად ულტიმატუმის ხასიათს ატარებს, რაც მიუღებელია რუსული მხარისთვის. თავისი მიზნების მისაღწევად ქართული მხარე მიმართავს როგორც პროვოკაციულ ქმედებებს, ასევე საჯარო მტრულ შეურაცხყოფებს რუსეთის მიმართგარკვეული მუქარით. ეს პოზიცია ნათლად გამოიხატა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პრობლემის მოგვარების დროსაც. საქართველოს ხელისუფლების რეგულალური პროვოკაციული ქმედებების ფონზე რუსი სამხედროების წინააღმდეგ (უსაფუძვლო დაკავება, ვიზების გაცემაზე უარის თქმა, მოძრაობის შეზღუდვა), 10 მარტს (2005 წლის) საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე. ეს დოკუმენტი, ფაქტიურად, გულისხმობს რუსული ბაზების “კანონგარეშედ“ გამოცხადებას.
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული მხარის მცდელობას ზეწოლა მოახდინოს ჩვენზე და გაართულოს რუსული სამხედრო ბაზების ნორმალური ფუნქციონირება და რუსი სამხედროების ყოფნა საქართველოში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში რუსეთის საელჩოს შესაბამის განცხადებებს თან დაერთო კონკრეტული ქმედებები. მაგალითად, 2004-2005 წლებში საქართველოში რუსეთის საელჩომ შეზღუდა რუსული ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 13 მაისს მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და რუსეთის მთავრობას და შესთავაზა მათ განეხორციელებინათ საპასუხო ღონისძიებები საქართველოს მიმართ, თუ თბილისი “ცალმხრივ გადაწყვეტილებებს მიიღებდა რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით“. ამ მიმართვამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
რუსეთის საგარეო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მოლაპარაკებებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მთავარ პრობლემებზე, რუსეთის პრეზიდენტის ინსტრუქციების შესაბამისად. 30 მაისს ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მიუხედავად რუსული ბაზების უმოკლეს ვადაში გაყვანის თაობაზე თბილისის მკაცრი მოთხოვნებისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახერხა დაეფიქსირებინა გაყვანის ვადები ჩვენი რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტმა გაანელა ცეცხლი საქართველოს ხელისუფლებაში – თბილისში გაკეთდა განცხადებები საქართველოს პარლამენტის დადგენილების გაუქმების თაობაზე.