ქართველები და ოსი სამართალდამცავების, ასევე შერეული სამშვიდობო ძალების მიერ ოთხი გაუჩინარებული ქართველის ძებნის ორდღიანი ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უკვე მიანიშნეს იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ზონაში 6 ივნისს გაუჩინარებული ოთხი ქართველი იმ ოთხი ოსის ნათესავების შურისძიების მსხვერპლი გახდა, რომლებიც 29 მაისს კონფლიქტის ზონაში ქართველ პოლიციელებთან შეტაკებას ემსხვერპლნენ.
კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია პარლამენტში 14 ივნისის სხდომაზე გამართული ხანმოკლე დებატების თემა გახდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მიუხედავად კონფლიქტის ზონაში”დაძაბული სიტუაციისა”, ქართული მხარე არ გეგმავს დამატებითი ჯარების შეყვანას სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში.
“მესმის ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციებს. ჩვენ არ ვაპირებთ ჯარების შეყვანას კონფლიქტის ზონაში, რადგან ეს კიდევ უფრო გაართულებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და რეალურად იქნება პროვოცირება იმისა, რაც შარშან ზაფხულს [შეიარაღებული შეტაკებები ქართულ და ოსურ მხარეებს შორის] მოხდა”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.
მან აღნიშნა, რომ თბილისს სურს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, თუმცა აქვე განაცხადა, რომ ქართული მხარის “პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, თუ ვინმე ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ იმოქმედებს”. მან ასევე გააკრიტიკა კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალები არადამაკმაყოფილებელი საქმიანობის გამო.
ბურჯანაძის ამ კომენტარს წინ უძღოდა დიდი ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ ვახტანგაშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონის ქართველი მოსახლეობა სთხოვს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გააძლიეროს ქართული სოფლებში უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში 6 ივნისს ოთხი ქართველის გაუჩინარების შემდეგ. ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა პირებმა ვახტანგაშვილი ადგილობრივ ქართველების დეზინფორმირების გზით დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულეს.
პარლამენტის სხდომაზე “მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ წამოწია კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეულ სამშვიდობო ძალებში ქართული კონტინგენტის დასაშვებ ზღვრამდე გაზრდის საკითხი. შეთანხმების თანახმად, ქართული, რუსული და ოსური მხარეებისთვის შერეულ სამშვიდობო ძალებში 500-კაციანი ქვოტაა გათვალისწინებული.
“ჩვენ არ ვითხოვთ კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების გაგზავნას; ჩვენი მოთხოვნაა, რომ კუთვნილი ქვოტა შევავსოთ. დღეს იქ გაცილებით ნაკლები ქართველი სამშვიდობო იმყოფება, ვიდრე უფლება გვაქვს, რომ გვყავდეს – 500 კაცი. ჩვენ ვერ მოვისმინეთ მთავრობისგან საფუძვლიანი არგუმენტები, თუ რითია ეს სიტუაცია განპირობებული”, განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ამავე დროს, 14 ივნისს განახლდა ოთხი ქართველის – ბიძაშვილების ჰამლეტ, მამუკა და გალაკტიონ ხაჭაპურიძეების და მამუკა ლომიძის ძებნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებზე. ქართველი სამართალდამცავები ამ ოპერაციაში დამკვირვებლის სტატუსით იღებენ მონაწილეობას. ანალოგიური ოპერაცია, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 ივნისს განხორციელდა, უშედეგოდ დასრულდა.
13 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ოსი მოქალაქე – რუდიკ ბესტაევი და აცამაზ კოჩიევი – ოთხი ქართველის გატაცებაში დაადანაშაულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აცამაზ კოჩიევი ანატოლი კოჩიევის შვილია. ეს უკანასკნელი იმ ოთხ ოსს შორის იყო, რომლებიც 29 მაისს სოფელ თანარაშენთან ქართულ პოლიციასთან მომხდარ შეტაკებაში ერთ ქართველ პოლიციელთან ერთად დაიღუპნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გატაცებაში ეჭვმიტანილი ეს ორი ადამიანი ცხინვალის “ტექსტილის“ დასახლების კრიმინალური ჯგუფის წევრები არიან.
“შურისძიება ერთი შესაძლო ვერსია იყო, რომელსაც სამართალდამცავები [გამოძიების] დაწყებისთანავე იხილავდნენ”, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 13 ივნისს.
თუმცა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარყო ეს ინფორმაცია. “არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ეს ორი ადამიანი ოთხი ქართველი მოქალაქის გაუჩინარებასთანაა დაკავშირებული”, ნათქვამია სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია “იმედი”-სთვის 13 ივნისს მიცემულ ინტერვიუში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ უკონტროლო შეიარაღებული ჯგუფები და კრიმინალური დაჯგუფებები არამარტო თბილისის, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების “მთავარ თავსატკივარს” წარმოადგენენ.
29 მაისს თამარაშენში მომხდარი შეტაკების დეტალები კვლავაც ბუნდოვანია. მხარეები ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ოს შეიარაღებულ პირთა მცირე ჯგუფი პოლიციის საგუშაგოს დაესხა თავს. თუმცა, სამხრეთ ოსური მხარე უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ უსაფუძვლო იყო მხოლოდ ოთხი ოსის მხრიდან ცეცხლის გახსნა ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც ქართული პოლიციის საგუშაგოებითაა გარშემორტყმული.