სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველის “გატაცებას წინასწარ კარგად გათვლილ პროვოკაციად“ აფასებს, რომელიც “ჩრდილოეთში” დაიგეგმა.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგად დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაციაა, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდის“, განაცხადა 13 ივნისს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ეს უკავშირდება საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს.
“[რუსეთის] ხელისუფლების ოფიციალური თუ არაოფიციალური პირების მხრიდან პირდაპირი მოწოდებები იყო, რომ მოხდეს არეულობა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, რათა [რუსული] სამხედროების ყოფნა [საქართველოში] აქტუალური გახდეს. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამის უკან დგანან ბნელი ძალები, როგორებიც არიან [რუსი დეპუტატები] პავლოვსკები, ჟირინოვსკები, როგოზინები და ა.შ“, განაცხადა ხაინდრავამ.