საქართველოდან გასაყვანი რუსული ბაზების ნაწილი კვლავ სამხრეთ კავკასიაში რჩება

მას შემდეგ, რაც თბილისმა და მოსკოვმა მიაღწიეს შეთანხმებას 2005–2008 წლების განმავლობაში ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, 6 ივნისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა პირველად ისაუბრა მათი გაყვანის მარშრუტებზე.


ივანოვის განცხადებით, ბაზების ნაწილი რუსეთში იქნება გაყვანილი, სადაც რუსეთ–საქართველოს საზღვრის სიახლოვეს სამთო–მსროლელი ორი ახალი ბრიგადა შეიქმნება და ნაწილიც, სომხეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე გადავა. თუმცა ამ უკანასკნელ მიმართულებას ბაქო აპროტესტებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის დემილიტარიზაციის საჭიროებაზე საუბრობს.


“ჩვენ მოგვიწევს რუსეთის ტერიტორიაზე გამოვიყვანოთ 2,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომ არ ჩავთვალოთ მათი ოჯახის წევრები, 2,5 ათასი ერთეული მძიმე ტექნიკა, 80 ათასი ტონა ტყვია–წამალი, სამხედრო ქონება და სხვა სახით ტვირთი“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 6 ივნისს სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდობით.


მისი თქმით, ტექნიკისა და ქონების ძირითადი ნაწილი და ასევე პირადი შემადგელობა ზღვით იქნება გაყვანილი.


რუსეთის თავდაცვის მინისტრი ასევე ახმაურებს მოსკოვის გეგმებს რუსეთ–საქართველოს საზღვარზე ორი ახალი სამთო–მსროლელი ბრიგადის შექმნასთან დაკავშირებით. ივანოვი საქართველოს საზღვართან ამ მსუბუქი ბაზების შექმნის მიზეზად მესაზღვრეების დახმარებისა და “საქართველოდან რუსეთში ტერორისტების შეღწევის აღკვეთის“ მოტივს ასახელებს.
 
ამ საკითხზე “უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ყველა დონეზე“,  დასძენს ივანოვი.  


ბაზების გაყვანის მეორე მარშრუტად სომხეთში განთავსებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა განიხილება.


“საუბარი სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემაზე არ არის. შეიარაღება ერთი რუსული ბაზიდან მეორეზე გადავა“, აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.


ამასთან, ივანოვი დასძენს, რომ რუსეთი დაიცავს იმ ზღვარს, რაც გათვალისწინებულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ადაპტირებული ხელშეკრულებით, სადაც განსაზღვრულია ამა თუ იმ ტერიტორიაზე დასაშვები შეიარაღების რაოდენობა.


თუმცა ბაქო, რომელსაც ყარაბაღის კონფლიქტის გამო საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები აქვს ერევანთან, რუსული შეიარაღების საქართველოდან სომხეთის ტერიტორიაზე გადატანას აპროტესტებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 მაისს რუსეთს გაუგზავნა ნოტა, სადაც ნათქვამია, რომ შეიარაღების საქართველოდან სომხეთში გადატანის გეგმები “არ ემსახურება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებს და კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას“.


რუსეთის ელჩმა აზერბაიჯანში პიოტრ ბურდიკინმა შეიარაღების ნაწილის სომხეთში  განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე გადატანა იმ მიზეზით ახსნა, რომ მოსკოვზე “იყო ზეწოლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც ბაზების გაყვანის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით… ამან გვაიძულა მოგვეძებნა სწრაფი გზები“, იუწყება 7 ივნისს “რია ნოვოსტი“ ბურდიკინის სიტყვებზე დაყრდობით.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, რომ კანონიერების თვალსაზრისით საქართველოდან რუსეთის ბაზების ნაწილის სომხეთში გადატანა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონს მილიტარიზაციის ნაცვლად, დემილიტარიზაცია უფრო ესაჭიროება.


“ბაზები გადააქვთ არა სომხეთში, არამედ სომხეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე… მაგრამ ჩვენს რეგიონს დემილიტარიზაცია უფრო ესაჭიროება, ვიდრე მილიტარიზაცია. ამიტომ ჩვენ [აზერბაიჯაული მხარე] ასე ვსვამთ საკითხს, ჯარებისა და ტანკების აქ ჩაყენება საჭირო არ არის“, იუწყება 7 ივნისს “რია ნოვოსტი“ ელმარ მამედიაროვის სიტყვებზე დაყრდობით.


აზერბაიჯანი ამ საკითხზე საბოლოო პოზიციას მას შემდეგ ჩამოაყალიბებს, რაც დასრულდება ბაზების გაყვანის ვადების და მათი ფუნქციონირების რეჟიმის თაობაზე შეთანხმების ტექსტზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებები.


დოკუმენტის პროექტზე, რომელიც ბაზებთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 30 მაისს ხელმოწერილ ერთობლივ გაცხადებას ემყარება, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.


თუმცა ერთობლივი განცხადებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება უკვე დაიწყო. კერძოდ, 1 ივნისიდან საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ერთობლივი ჯგუფი თბილისში განლაგებულ 142-ე ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხნის ქონების აღწერას აწარმოებს. ეს პროცესი 15 ივნისს დასრულდება და ქარხანა საქართველოს გადმოეცემა.


ამავდროულად, აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 3 ივისს სატელეფონო საუბარში ბაზებთან დაკავშირებით რუსეთთან შეთახმების მიღწევა მოულოცა.


“აშშ-ის პრეზიდენტმა [ჯორჯ ბუშმა] თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს დაურეკა და მოსკოვთან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე შეთანხმების მიღწევა მიულოცა. ორი ქვეყნის ლიდერებმა აღიარეს რუსეთისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს მიღწეული შეთანხმების განხორციელებას და ასევე სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“, განაცხადა “თეთრი სახლის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა 3 ივნისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

Exit mobile version