ღია საზოგადოების ინსტიტუტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ჯორჯ სოროსი 30 მაისს თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა.
ჯორჯ სოროსი, რომელიც საქართველოში 29 მაისს ჩამოვიდა, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაარსების 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ასევე მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ოპოზიციური “ლეიბორისტული პარტიის“ აქტივისტთა მცირე ჯგუფმა 30 მაისს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისის გარეთ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები “სოროს – წადი და თან წაიყვანე შენი მთავრობა“, სადაც მინიშნება იყო გაკეთებული საქართველოს მთავრობის წევრებზე, რომელთაც, “ლეიბორისტული პარტიის“ თქმით, “სრულად აკონტროლებს“ მილიარდელი ფილანტროპი. სოროსმა გასულ წელს განაცხადა, რომ იგი 1 მილიონი დოლარს გამოყოფს სპეციალურად შექმნილი ფონდის დასაფინანსებლად, რომელიც საქართველოს ოფიციალური პირების ხელფასებს გასცემს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ერთმა ჯგუფმა ასევე გამართა საპროტესტო აქცია და სოროსის მანქანას მაშინ დაუშინა კვერცხები, როცა ეს უკანასკნელი სასტუმროს ტოვებდა.
ჯორჯ სოროსი ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმაციას 31 მაისს დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე მიაწვდის.