თბილისი ბაზებთან დაკავშირებით პოზიციას არბილებს

ქართული მხარე ცვლის გეგმებს ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებისთვის 15 მაისიდან შეზღუდვების დაწესების თაობაზე და სანაცლოდ ვარშავაში 16-17 მაისს, ევროპის საბჭოს სამიტის დროს დაგეგმილი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგებამდე მოცდას ამჯობინებს.


ქართული მხარის პოზიციის შემსუბუქებას წინ უძღოდა, როგორც ოფიციალური თბილისი აცხადებს, ბაზების გაყვანის თაობაზე ახალი წინადადებების მიღება მოსკოვიდან. ამ წინადადებების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა მათ “საინტერესო“ უწოდა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 13 მაისს განაცხადა, რომ უმჯობესია მოლაპარაკებების განახლება, თუმცა აქვე აღნიშნა, “თუ დავინახავად, რომ პროცესი დროში იწელება, გულხელდაკრეფილნი არ ვისხდებით“.


“თუ დავინახავთ, რომ  მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ აქვს, ბუნებრივია, რომ ყველა ბერკეტს ავამოქმედებთ“, დასძინა ირაკლი ოქრუაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომელიც ბაზებზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს და ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.


ოფიციალურმა თბილისმა პოზიცია მას შემდეგ შეარბილა, რაც 13 მაისს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო საკმაოდ მკაცრი განცხადება, რომელშიც რუსი კანონმდებლები რეკომენდაციას აძლევენ რუსეთის მთავრობას საპასუხო ზომები მიიღონ, თუ ქართული მხარე შეზღუდვებს დაუწესებს საქართველოში განლაგებულ რუსულ ბაზებს.


რუსეთის პარლამენტის განცხადების თანახმად, ეს საპასუხო ღონისძიებები გულისხმობს: რუსული ვიზების გაცემის შეწყვეტას საქართველოს მოქალაქეებისთვის; რუსეთში ამჟამად უვიზოდ მყოფი ქართველების დეპორტირებისთვის საჭირო ღონისძიებების გამკაცრებას.     


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადების თანახმად, რუსეთს აქვს უფლება “კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებები“ გაატაროს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, რუსული სამხედრო ბაზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების შესანარჩუნებლად, რათა “უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში“.    


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა 14 მაისს თბილისსა და მოსკოვს შორის ბაზებზე არსებული უთანხმოების კომენტირებისას განაცხადა, რომ “ულტიმატუმი – არ არის ის ენა, რომლითაც შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი“. მან მიანიშნა იმ ფაქტზე, რომ  ამჟამად რუსეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც მილიონობით დოლარს უგზავნიან თავიანთ ოჯახებს საქართველოში, რაც “მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს ეკონომიკისადმი“.


საქართველო რუსეთისგან ბაზების გაყვანას 2008 წლის დასაწყისამდე ითხოვს, მაშინ როცა რუსული მხარე ოთხწლიან ვადაზე თანხმდება. ეს მხარეთა მიერ 6 მაისს მოსკოვში საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებული პოზიციაა.


ამავდროულად, აშშ-ის სენატმა 12 მაისს მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოდან.


დადგენილებაში, რომელიც სენატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა წარადგინეს, ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს მცდელობებს მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.


“უკვე დროა, რომ ეს ძალები გავიდნენ [საქართველოდან]“, განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ბილ ფრისტმა.


“დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათ წელიწადზე მეტი გავიდა და საქართველომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა თავი დაეღწია რუსეთის სამხედრო ბაზებისგან. რამდენიმე წლის წინ, რუსეთმა დადო პირობა, რომ გაიყვანდა თავის ჯარებს და დახურავდა ბაზებს საქართველოში, თუმცა, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოში კვლავ იმყოფება 3,000-ზე მეტი რუსი სამხედრო“, დასძინა მან.


აშშ-ის სენატის დადგენილება ასევე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, რომ რუსეთმა “პატივი უნდა სცეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

Exit mobile version