საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერი გელა ჩარკვიანი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში თბილისის “კონსტრუქციულ განწყობაზე“ საუბრობს და მოუწოდებს რუსეთის მთავრობას “არ აყვნენ პროვოკაციებს და მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ მუშაობა იმ მიზნით, რომ ამ დოკუმენტზე [ბაზებთან დაკავშირებით] ბოლოსდაბოლოს მიღწეულ იქნეს შეთანხმება“.
ჩარკვიანის განცხადებით, საქართველოს პარლამეტის 10 მარტის დადგენილება რჩება ძალაში, თუმცა “პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებათა პროცესი, სადაც პროგრესი ჩანს, მაგრამ პოზიციათა საბოლოო შეჯერება ჯერ არ მომხდარა“.
“ჩვენი სურვილია მოლაპარაკებები აჟიოტაჟის გარეშე, მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს, რათა ძალებს, რომელთაც მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლა სურთ, არ მივცეთ ამის საშუალება“, განაცხადა 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა და აქვე დასძინა, რომ “ასეთი ძალები ნამდვილად არსებობენ და ისინი შეიძლება ყოველგვარ პროვოკაციაზე წავიდნენ“.
მისი თქმით, რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული განცხადება “აშკარად არ შეუწყობს ხელს რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებას“.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 13 მაისს მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაციას აძლევს რუსეთის პრეზიდენტს და მთავრობას მიიღონ საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე შეზღუდვებს დაუწესებს ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებს.
ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში მიღებული დადგენილების საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, მათ შორის რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას და რუსი სამხედროების და მათი ტვირთის გადაადგილების შეზღუდვას საქართველოს ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა 15 მაისამდე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.