საპარლამენტო კომიტეტები ბიუჯეტში პროფიციტულ ცვლილებებს იხილავენ

საპარლამენტო კომიტეტები 2005 წლის ბიუჯეტის გაზრდილ პროექტს იხილავენ, რომლის მიხედვითაც, როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილის 66.8 მლნ ლარით გაზრდაა გათვალისწინებული და შესაბამისად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2.394–დან 2.461 მილიარდ ლარამდე და ხარჯვითი ნაწილი 2.712–დან 2.779 მილიარდ ლარამდე იზრდება.


ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილებები დააჩქარა საქართველოში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ, რომლის ლიკვიდაციაზეც ცვლილებათა პროექტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.


მეორე პრიორიტეტული მიმართულება, რომელშიც ბიუჯეტი 46.9 მლნ ლარით იზრდება, თავდაცვის სფეროა. შედეგად არსებული 314.7 მილიონიანი დაფინანსება თავდაცვის სამინისტროს 361.6 მლნ ლარამდე ეზრდება.


პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიცია” თავდაცვის ბიუჯეტს არაგამჭვირვალობის გამო აკრიტიკებს და არ აპირებს მხარი დაუჭიროს საბიუჯეტო ცვლილებებს, რომლის მიღებასაც საკანონმდებლო ორგანო 17 მაისისთვის გეგმავს.


5 მაისს მთავრობის მიერ პარლამენტში 2005 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში მესამე პროფიციტული ცვლილებაა. გასული წლის აგვისტოში ბიუჯეტი 223 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს აპრილში ზრდამ 446 მლნ ლარი შეადგინა. სამივე შემთხვევაში გამოკვეთილი პრიორიტეტი თავდაცვის სფერო იყო. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version