გამყრელიძე ბუშს ოპოზიციის სახელით ესაუბრა

დღეს პარლამენტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო პარლამენტრათა იმ მცირე ჯგუფს შორის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და აშშ–ს დელეგაციას შეხვდა, განაცხადა, რომ მან ძირითადი ყურადღება საქართველოში კანონის უზენაესობასთან არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.


“უმჯობესი იქნებოდა, რომ აშშ–ს პრეზიდენტს ოპოზიციის უფრო ფართო სპექტრთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა; ამის გამო მე მომიწია მასთან საპარლამენტო ოპოზიციის სახელით საუბარი და არა, როგორც ჩემი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერს“, განაცხადა დავით გამყრელიძემ.


გამყრელიძემ აშშ–ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ისაუბრა კანონის უზენაესობის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, საქართველოს კონსტიტუციაში ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევაზე და “იმაზე, რომ საქართველოში ფაქტიურად არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო“.


გამყრელიძის განცხადებით, აშშ–ს დელეგაციის მხრიდან მინიშნებები გაკეთდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე.


ასევე, “პრეზიდენტმა ბუშმა ნათლად მიანიშნა, რომ ის მზადაა საქართველო–რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს და არა მხარის, რომელიც ულტიმატუმებით გამოდის“, განაცხადა გამყრელიძემ და აქვე დასძინა, რომ “ეს მინიშნება გაკეთდა როგორც რუსულ ბაზებთან დაკავშირებით, ისე კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version