ბუში საქართველოში “ახალი დემოკრატიის” მხარდასაჭერად ჩამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისში 9 მაისს საღამოს მოსკოვიდან ჩამოვა, რათა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში “ახალი დემოკრატიის განწყობა შეიგრძნოს“. 


ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 10 მაისს იწყება, რომლის ფარგლებშიც გაიმართება პირისპირ მოლაპარაკებები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. ამ უკანასკნელ შეხვედრას პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრება. ორი პრეზიდენტი თავისუფლების მოედნიდან, სადაც სავარაუდოდ, ათასობით მოქალაქე შეიკრიბება, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.


თუმცა, ვიზიტის ოფიციალურ ნაწილამდე, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე თბილისის ძველ უბნებში გაისეირნებენ და ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტს დაესწრებიან.


აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი მიჩნეულია, როგორც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დემოკრატიული რეფორმების გზაზე. თუმცა, თავის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში 7 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ “ევროპის ახალ დემოკრატიულ ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი“.


“თავისუფალი არჩევნები მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა ის სრულყოფილი დემოკრატიის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. დემოკრატიულმა მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ უმცირესობებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა”, განაცხადა ჯორჯ ბუშმა.


ეს განცხადება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის იმ ბევრ წარმომადგენელს გაამხნევებს, რომლებიც ბოლო დროს გამჭირვალობის და კანონის უზენაესობის ნაკლებობას აპროტესტებდნენ.


აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესების ახალი ტალღის ფონზე შედგება. სააკაშვილმა უარი განაცხადა 8-9 მაისს მოსკოვში ვიზიტზე დსთ-ის სამიტში და II მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავისადმი მიძღვილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, მას შემდეგ, რაც რუსეთმა არ გაიზიარა თბილისის წინადადება 2008 წლის 1 იანვრისთვის რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის თაობაზე.  


“საქართველოსთვის მოსკოვში საზეიმო არაფერია“, განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 8 მაისს. 


“რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში , რომელიც 8 მაისს გადაიცა, პრეზიდენტმა  ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მას “შეუძლია მცირე დახმარების აღმოჩენა“ რუსული ბაზებთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარების საქმეში. თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ “საუკეთესო გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად არის მისი მშვიდობიანი გადაწყვეტა რუსეთსა და საქართველოს შორის“.


ბუშმა ასევე განაცხადა, რომ იგი “შეახსენებს“ თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, რომ დემოკრატია რუსეთის მეზობელ ქვეყნებში “უფრო გაუადვილებს რუსეთს მშვიდობიანად გაიზარდოს“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი ეტყვის ვლადიმერ პუტინს, რომ დემოკრატიული ცვლილებები საქართველოში, ან უკრაინაში არ იყო ვინმეს მიერ, ან რომელიმე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი.


“ეს უბრალოდ კაცობრიობის განვითარების გარდაუვალი კურსია, რადგანაც ყველა ადამიანს სურს თავისუფლება“, დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version