რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო New York Times-ის მიერ გავრცელებეული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა ლატვიასა და საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი გააპროტესტა.
New York Times-ის მიერ 6 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს საპროტესტო წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ ბუშის პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში ვიზიტის თაობაზე.
“პირველ რიგში, არანაირი წერილი არ ყოფილა გაგზავნილი [აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზე]. უბრალოდ შედგა საუბარი [კონდოლიზა რაისთან] სახელმწიფო დეპარტამენტთან შეხედულებების რეგულარული გაცვლის ჩარჩოებში. მეორეც, ის [საუბარი] ეფუძნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენულ უფლებას თავისი შეხედულებისამებრ დაამყაროს საგარეო ურთიერთობები. ამ საუბარს [ლავროვსა და რაისს შორის] ერთი მიზანი ჰქონდა: განსაზღვრულიყო კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის [ბუშის] ვიზიტი უნდა შემდგარიყო“, აცხადებს ალექსანდრე იაკოვენკო 6 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში.
მისი თქმით, სერგეი ლავროვი კონდოლიზა რაისს 6 მაისს ტელეფონით ესაუბრა და ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ “შედგა ბუშის ლატვიასა და საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებული შეხედულებების აბსოლუტურად ნორმალური გაცვლა და ამ საუბარში არაფერი ყოფილა ისეთი, რაც ამერიკული მხარის განაწყენებას გამოიწვევდა“.