გაზსადენის პრივატიზაციის ნაცვლად – რეაბილიტაცია

საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე მაგისტრალური გაზსადენის გასხვისებას არ გეგმავს. სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ამჟამად მთავარი პრიორიტეტი არა პრივატიზება, არამედ გაზსადენების რეაბილიტაცია და გაზის გარანტირებული მოწოდების უზრუნველყოფაა. 


მინისტრმა ეს განცხადება 13 აპრილს  “კონრად ადენაუერის ფონდის“, “ეკონომიკური კორუფციის მონიტორინგის ცენტრისა“ და გაზეთ “24 საათის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და მაგისტრალური გაზსადენების პრივატიზაციის თემას მიეძღვნა.


კონფერენციაზე მოწვეულმა ექსპერტებმა ძირითადად იმ საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ქვეყანას შესაძლოა იმ შემთხვევაში დაემუქროს, თუ მაგისტრალურ გაზსადენს რუსული ენერგოგიგანტი “გაზპრომი“ შეისყიდის.  როგორც ცნობილია, გაზსადენების პრივატიზაციისგან თავის შეკავებას და ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნებას საქართველოს ხელისუფლებას ვაშინგტონიც ურჩევს.


ადგილობრივი ექსპერტები იზიარებენ შეერთებული შტატების შიშს იმასთან დაკავშირებთ, რომ გაზსადენების “გაზპრომისთვის“ გადაცემის შემთხვევაში, რეგიონში მძლავრი მონოპოლისტი კომპანია გაჩნდება, რაც ძლიერ კონკურენციას გაუწევს აშშ–ის მიერ მხარდაჭერილ შაჰ–დენიზის პროექტს, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით თურქეთს უნდა მიეწოდოს.


“პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ შემსყიდველმა კომპანიამ ბაზრის ერთ მესამედზე მეტი არ დაიკავოს. ასეთ [გაზსადენების “გაზპრომისთვის“ გადაცემის] შემთხვევაში კი მონოპოლური გაზის მოწოდება მოხდება და მესამე მხარის დაშვება ბაზარზე შეუძლებელი გახდება,“ განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ტრანზიტული განვითარების და რეგიონული ინტეგრაციის პროექტის ხელმძღვანელმა ლიანა ჯერვალიძემ და დასძინა, რომ “გაზპრომის“ მიერ გაზსადენის შესყიდვით ბუნებრივ აირზე ვერც ფასს გავაკონტროლებთ და ვერც მოწოდებას“.


ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ გაზსადენის შესყიდვით დაინტერესებულია სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი“, რომელიც თავადვე აწარმოებს და ყიდის ბუნებრივ აირს. შედეგად, პრივატიზაციის შემთხვევაში იქმნება მონოპოლისტის გაჩენის საფრთხე. 


“მონოპოლიზმი გაზის პირველი მტერია, პრივატიზებით კი გაზის ბაზარს ვაბარებთ მონოპოლისტს და ამით რეალურ საფრთხეს ვუქმნის საქართველოსთვის უფრო მომგებიან “შაჰ–დენიზის“ პროექტს“, აცხადებს თემურ გოჩიტაშვილი.


მისი თქმით, თუ “გაზპრომი“ გაზსადენს შეისყიდის, რუსეთს მიეცემა რეალური შესაძლებლობა გააგრძელოს ეს მილსადენი თურქეთისაკენ და იაფი გაზი მიაწოდოს თურქეთს და ევროპას საქართველოს გავლით. “საერთოდ, ვინც ფლობს გაზსადენს, ის არეგულირებს ბაზარს“, აცხადებს გოჩიტაშვილი.


საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით დაინტერესებას “გაზპრომი“  არ ასაიდუმლოებს. სხვადასხვა არაოფიციალური ინფორმაციით, რუსული კომპანია მზად იყო გაზსადენებში 200 მილიონი დოლარი გადაეხადა. ამას გარდა, “გაზპრომი“ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის “თბილგაზის“ შესყიდვის სურვილსაც გამოთქვამდა და ქართულ მხარეს 50 მილიონ დოლარს სთავაზობდა იმ შემთხვევაში, თუ “გაზპრომს“  მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვის საშუალება მიეცემოდა. მაგრამ, როგორც ჩანს,  ქართული მხარე გაზსადენის პრივატიზაციისგან ჯერ–ჯერობით თავს იკავებს.


ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელმა დავით ინგოროყვამ 13 აპრილს გამართულ კონფერენციაზე გაზსადენების რეაბილიტაციისა და ალტერნატიული გზების მოძიების კონცეფცია წარმოადგინეს.


დავით ინგოროყვას განცხადებით, 2000 კილომეტრიანი გაზსადენების ქსელის პირველადი, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად 40 მილიონი დოლარია საჭირო. მთლიანობაში კი,  სისტემის მდგრად განვითარებას დაახლოებით 60 მლნ დოლარი დასჭირდება. 


მისი განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩასატარებლად საჭირო თანხების მოსაძიებლად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე დონორ ორგანიზაციასთან, მათ შორის “ათასწლეულის ფონდთან“ – “მილენიუმ ჩელენჯთან“, რომელმაც უკვე განაცხადა თანხმობა 40 მლნ დოლარის გამოყოფაზე, ასევე  მსოფლიო ბანკთან, „ბრითიშ პეტროლიუმთან“ (BP) და ირანის მთავრობასთან.


ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ბუნებრივი აირის მოწოდების ალტერნატიული გზების მოძიებაც, “პრიორიტეტულია ამ მიმართულებით შაჰ–დენიზის კონსორციუმთან მოლაპარაკებები და ირანიდან აზერბაიჯანის გავლით გაზმომარაგება“. ამ საკითხს 26 აპრილს ირანის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას განიხილავენ.

Exit mobile version