რუშაილო: პრობლემების მიუხედავად, დსთ–ს განვითარების რეზერვები გააჩნია

დსთ–ს აღმასრულებელმა მდივანმა ვლადიმერ რუშაილომ განაცხადა, რომ დსთ–ს განვითარებისა და ეფექტურად გაძლიერებისათვის სერიოზული რეზერვები გააჩნია. თუმცა აქვე დასძინა, რომ ამჟამად ორგანიზაცია პოლიტიკურ რაკურსში ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, რაც “საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმაც აჩვენა“, იუწყება 13 აპრილს “რია ნოვოსტი” რუშაილოს სიტყვებზე დაყრდნობით.


“ამ დროისათვის დსთ–ში მკაფიოდ გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: ეკონომიკური ინტეგრაცია, მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობა“, განაცხადა ვლადიმერ რუშაილომ.


მისი თქმით,  დსთ–ში არსებულმა პოლიტიკურმა პრობლემებმა განაპირობა ორგანიზაციის სრულყოფისა და რეფორმირების საჭიროება.


“ამჟამად მიმდინარეობს წინადადებების შეთანხმება და მათი ერთ დოკუმენტში თავმოყრის პროცესი დსთ–ს რეორგანიზაციისა და რეფორმირების გარშემო“, განაცხადა რუშაილომ და აქვე დასძინა, რომ თანამედროვე ინტეგრაციული მექანიზმები უნდა პასუხობდეს ყველა წევრი–სახელმწიფოს ინტერესებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version