ბაღაფში აშშ-ის აქტიურობას მოსკოვში ვიზიტით პასუხობს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 12 აპრილს ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. მანამდე 11 აპრილს მან სოხუმში აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატებთან გამართა მოლაპარაკებები. რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ბაღაფში რუსეთის ოფიციალურ პირებთან გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას; თუმცა, ვიზიტის დეტალები უცნობია. 

კასპიის ენერგეტიკული და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველთან სტივენ მანთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან რიჩარდ მაილსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთი არ შეცვლის თავის უკომპრომისო პოზიციას რეგიონის დამოუკიდებლობის თაობაზე.
 
აფხაზეთის ლიდერმა ხელახლა დაადასტურა, რომ ამჟამად სოხუმი მზად არის ქართულ მხარესთან მხოლოდ ეკონომიკური საკითხები განიხილოს, რადგანაც “პოლიტიკურ პრობლემებზე გამართულ შეხვედრებს მოლაპარაკებები ჩიხში შეჰყავს“. სერგეი ბაღაფშის თქმით, აფხაზური მხარე მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო გეგმის შემუშავებაში, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს “ორი მეზობელი ქვეყნის მშვიდობიანი თანაცხოვრება“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.
 
სოხუმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სტივენ მანი და რიჩარდ მაილსი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ და მას სოხუმის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით, 12 აპრილს ამერიკელმა დიპლომატებმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან გივი თარგამაძესთან გამართეს მოლაპარაკებები.
 
მოლაპარაკებების შემდეგ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის სერგეი ბაღაფშს [აფხაზეთის ლიდერს] და ედუარდ კოკოითს [სამხრეთ ოსეთის ლიდერს] თბილისში შეხვდეს [ამერიკის პრეზიდენტის] ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს“ 10 მაისს. 
 
ამ განცხადებამ გამოიწვია ვარაუდები იმის თაობაზე, რომ სტივენ მანმა სოხუმში ვიზიტის დროს დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის დროს თბილისში ჩამოსვლა შესთავაზა. თუმცა, სტივენ მანმა განაცხადა, რომ მის ვიზიტს სოხუმში არაფერი ჰქონდა საერთო აშშ-ის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან.   
 
ექსპერტების განცხადებით, აშშ-ის დიპლომატების ვიზიტი აფხაზეთში, ისევე როგორც ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში, აშკარად მიანიშნებს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხისადმი ვაშინგტონის გაზრდილ ინტერესზე.
 
“ასეთი მაღალი რანგის ამერიკელ დიპლომატთა მისია ჯერ არ ჩასულა აფხაზეთში. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფვოდა აშშ–ს მოტივაციის ზრდას კონფლიქტების დარეგულირების მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ ხერხდებოდა. საქართველოში და საერთოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშშ აცნობიერებს, რომ კონფლიტების მოგვარების გარეშე რეგიონში სტაბილურობის ფორმულის მიღწევა შეუძლებელია“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის წარმომადგენელმა არჩილ გეგეშიძემ. 
 
მისი თქმით, ჯორჯ ბუშის დაგეგმილმა ვიზიტმა დამატებითი სტიმული მისცა  ამერიკელი დიპლომატების მცდელობებს. “ბუშის ვიზიტის წინ ვაშინგტონი დამატებით სწავლობს კონფლიქტის მოგვარების პირობებსა და ფაქტორებს… არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ის დიპლომატებმა ბაღაფშს თბილისში ჩამოსვლა შესთავაზეს ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის დროს. თუმცა, ამის განხორციელება რთულია რუსეთის როლის გამო“, განაცხადა არჩილ გეგეშიძემ. 
 
“ბაღაფში ის კაცი არ არის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოსკოვთან შეთანხმების გარეშე გადადგას. სწორედ ამიტომ გაემგზავრა იგი მოსკოვში აშშ-ის დიპლომატებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ“, დასძინა მან.
 
პოლიტიკური ანალიტიკოსის ვარაუდით, აშშ–ის დელეგაციამ აფხაზეთის ლიდერს სულ ცოტა ორი მესიჯი გადასცა: “ერთი ის, რომ აფხაზები ეცადონ ეძებონ კომპრომისი ქართულ მხარესთან და მეორეც, საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, განაცხადა გეგეშიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version