აშშ-ის რამდენიმე მაღალი რანგის დიპლომატი 11 აპრილს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვიზიტს და რეგიონის ლიდერებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა. ამერიკელი დიპლომატების ვიზიტს ასევე წინ უძღოდა გაეროს ეგიდით 7-8 აპრილს ჟენევაში გამართული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები, რომელსაც ორივე მხარემ დადებითი შეფასება მისცა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში იქნებიან კასპიის ენერგეტიკულ და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველი სტივენ მანი, საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტის მიზნების შესახებ დეტალები უცნობია.
პრეზიდენტ პუტინისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა, რომელიც არსებული ინფორმაციით 5 აპრილს გაიმართა, მხოლოდ სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებამ დაადასტურა. თუმცა, სოხუმის ზოგიერთი არაოფიციალური წყაროს ცნობით, სოჭში მყოფ ბაღაფშსა და კოკოითს ამაოდ მოუწიათ პუტინთან აუდიენციის ლოდინი. რუსეთის ოფიციოზს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ეს შეხვედრა დადასტურდება, “ეს იქნება საქართველოს მწვავე რეაქციის მიზეზი, რადგანაც ეს ფაქტი საერთაშორისო ნორმებს სცდება“.
ამავდროულად, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების (საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანის და აშშ–ს) მონაწილეობით ჟენევაში, 7-8 აპრილს გამართული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები დასკვნითი დოკუმენტის მიღებით დასრულდა, რომელიც გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნას ითვალისწინებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის სტატუსით ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ “ძალიან დადებითი იმპულსია, როდესაც აფხაზური მხარე თანხმდება გადაწყვიტოს ძალიან კონკრეტული საკითხები“.
“მე ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამ მოლაპარაკებების მიმართ. დასკვნით დოკუმენტში, რომელიც შეხვედრაზე იქნა მიღებული, ის საკითხებია ასახული, რომლებსაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს: ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა [გალში], გაეროს სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის შემოღება [ასევე გალში], ასევე დევნილთა დაბრუნების საკითხის სწრაფი მოგვარება და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა. შევთანხმდით ფართომასშტაბიანი კონფერენციის ჩატარებაზე ბერლინში, გერმანული მხარის ინიციატივით, რომელიც ძირითადად ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტებს მიეძღვნება. მანამდე [ამ კონფერენციამდე] გაიმართება შეხვედრები დევნილთა დაბრუნების საკითხის მოსაგვარებლად. ამგვარად, ძალიან კმაყოფილი ვარ“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში 8 აპრილს.
თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, უფრო ფრთხილი ოპტიმიზმით აღნიშნა, რომ რუსეთის როლის გამო მოლაპარაკებების შედეგები მოსალოდნელთან შედარებით ნაკლებ პოზიტიური იყო.
“ის ფაქტი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები გალში გვიჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელია აფხაზური მხარე თავის განცხადებებში. ასევე ნათელი გახდება, არის თუ არა გულწრფელი რუსეთი, როდესაც პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით დაპირებებს იძლევა. ამგვარი შეხვედრა ძალიან სასარგებლოა, თუმცა ამჟამად ძნელია იმის თქმა, რომ რაიმე გარღვევა მოხდა. ამ მოლაპარაკებების შედეგები უფრო ზომიერია, ვიდრე ჩვენ ველოდით. ეს რუსეთის პოზიციამ გამოიწვია, რომელმაც გარკვეული პრეტენზია გამოთქვა იმის თაობაზე, რომ არ შედგა შეხვედრა [საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებისა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპერატისტული რეგიონების ლიდერებთან] სოჭში, რომელიც აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და არავითარ შედეგს არ მოიტანდა“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში.