სააკაშვილი პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოს როლზე საუბრობს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში “მნიშვნელოვანი მოთამაშე“ და “პოლიტიკური სტილის ინდიკატორი“ გახდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აქტიური საგარეო პოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.


“საერთაშორისო პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომლის საშუალებითაც საქართველო თავის თავს დაიცავს … საქართველომ უპრეცედენტო მნიშვნელობა მოიპოვა … საქართველოს ყოველთვის პასიური, მოლოდინის პოზიცია ეკავა. ახლა, პირველად, ჩვენ გავხდით იმ პროცესების შემქმნელები, რომლებმაც სრულიად განსხვავებული საერთაშორისო ატმოსფერო შექმნეს საქართველოს ირგვლივ“, განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს წამყვანმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს.


სააკაშვილის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოლდოვაში და დახმარება აღმოუჩინა ოპოზიციასა და მთავრობას შორის დიალოგს. “არ მინდა ზედმეტი შეფასება მივცე [საქართველოს როლს], მაგრამ ჩვენ ხელი შევუწყეთ ევროპული ორიენტაციის მთავრობის შექმნას ამ ქვეყანაში [მოლდოვაში]“, განაცხადა სააკაშვილმა.


მისი განცხადებით, საქართველოს ფაქტორი ყირგიზეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “სხვათაშორის [მოქმედი] საგარეო საქმეთა მინისტრი როზა ოტუნბაევა [რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო] ცოტა ხნის წინ თბილისში მუშაობდა, იგი აფხაზეთში გაეროს ოფისის ხელმძღვანელი იყო. “ვარდების რევოლუციის“ დროს იგი საქართველოში იყო და ყველაფერი იცოდა აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ … საქართველოს ფაქტორი იქ [ყირგიზეთში] მიმდინარე ბევრი მოვლენის კატალიზატორი გახდა“, დასძინა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში “ისტორიული გეოპოლიტიკური რევოლუცია“ ხდება და ეს პროცესი “უფრო გვაძლიერებს“.


“საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში პოლიტიკური მოდის განმსაზღვრელი გახდა … ეს ფაქტია, ამას ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ამით უნდა ვიამაყოთ, თუმცა ეს თვითკმაყოფილების საბაბი არ უნდა გახდეს“, დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version