ქართული მხარე ცხინვალის ბრალდებებს “აბსურდულს” უწოდებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საქართველოს თავდაცვის უწყება უარყოფენ ცხინვალის ბრალდებებს, თითქოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართული მხრიდან ადგილი აქვს სროლებს და საჰაერო სივრცის დარღვევას.


“მსგავსი ბრალდებები პერიოდულად ისმის ოსური მხრიდან, რაც აბსურდია“,  განუცხადა “სივილ ჯორჯიას” 19 მარტს გიორგი ვოლსკიმ.
 
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ 18 მარტს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ კეხვში, ფრისში და ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში სროლები დაფიქსირდა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 მარტს სამმა ვერტმფრენმა “საჰაერო სივრცე დარღვია“.


“ქართველების მხრიდან ასეთი ქმედება ფასდება, როგორც პროვოკაცია და უნდობლობის დამკვიდრების მცდელობა“, ნათქვამია განცხადებაში.


ცხინვალი ასევე აპროტესტებს კონფლიქტის ზონაში ქართულ სამშვიდობო ძალების შესაძლო როტაციას და აცხადებს, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, როტაცია ექვს თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს.   


გასული წლის ნოემბერში ქართველ სამშვიდობოთა როტაციის მცდელობა
დანაღმული ტერიტორიების არსებობის მიზეზის გამო უშედეგო აღმოჩნდა.


“როდის განხორციელდება როტაცია, ეს უშუალოდ ქართული მხარის გადასაწყვეტია, თუმცა უახლოეს პერიოდში ჩემი ინფორმაციით, როტაცია დაგეგმილი არ არის“,  აცხადებს გიორგი ვოლსკი.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა როტაციის მიმდინარეობა ასევე უარყვეს თავდაცვის სამინისტროში.

Exit mobile version