იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტმა, აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს გადასცა აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძისა და მისი ნათესავების ქონება, კერძოდ მათი კუთვნილი 80-მდე დასახელების ობიექტი, რომელიც 6 თვის წინათ დააყადაღა, იტყობონება იუსტიციის სამინისტრო.
სააღსრულებო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფოს გადაეცა ასლან აბაშიძის ბინა, რომელიც მდებარეობს ბათუმში და ასევე “დიდი ბანკი“, რომლის ღირებულება 5 000 000 ლარს შეადგენს.
სახელმწიფოს კუთვნილება გახდა ასლან აბაშიძის ქალიშვილის დიანა აბაშიძის საცხოვრებელი ბინა და არასაცხოვრებელი ფართი ბათუმში და ვაჟის, გიორგი აბაშიძის 4 საცხოვრებელი ბინა ბათუმში და 3 ავტომანქანა.
გარდა ამისა, ასლან აბაშიძის ნათესავ იოსებ გოგიტიძეს ჩამოერთვა 6 საცხოვრებელი ბინა ბათუმში, ქობულეთის წისქვილკომბინატი, ბინა ქობულეთში, ბენზინგასამართი სადგური მდინარე ჩოლოქთან.
უძრავი და მოძრავი ქონება ჩამოერთვათ ასლან აბაშიძის სხვა ნათესავებს და მისი გარემოცვის წევრებს.