საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ბაზების გაყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს.
„პოზიცია ერთია, რუსული ბაზები უნდა გავიდნენ საქართველოდან. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და არავის აქვს უფლება მის ტერიტრიაზე ჰყავდეს ბაზები, მიუხედავად იმისა, რომ ბაზები ძველი რეჟიმიდან შემორჩა“, განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თვენახევარში საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლებელი გახდება კომპრომისის მიღწევა ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.
„მე ვრჩები ოპტიმისტად მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ იმედები არ გამართლდა. ვიმედოვნებ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დადებით შედეგს გამოიღებს“, დასძინა პრეზიდნეტმა.
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თვენახევარში მას საბოლოო პასუხი ექნება ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით.
18 თებერვალს თბილისში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა ქართველმა კოლეგამ სალომე ზურაბიშვილმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ორი თვის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფები აქტიურად განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხს. სამუშაო ჯგუფები 9 მაისამდე მოამზადებენ წინადადებებს არსებული პრობლემების მოგვარების თაობაზე.