მოსკოვი თბილისს სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებების გართულებაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლება სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გართულებაში დაადანაშაულა.


განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოფიციალურ პირთა მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის შესაძლო ბლოკადის დაწესების თაობაზე  „შეშფოთებას“ იწვევს. 


2 მარტს იტალიურ გაზეთ La Repubblica-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „[რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ] პუტინმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის არ გაიყვანს [რუს] სამხედროებს [საქართველოდან], ჩვენ შევუწყვიტავთ ენერგომომარაგებას რუსეთის სამხედრო ბაზებს და მათთვის [რუსი ჯარისკაცებისთვის] ვიზების გაცემასაც შემწყვეტთ“.


„პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს ვიზების გაცემა იმ რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც საქართველოში [რუსეთის სამხედრო ბაზებზე] მსახურობენ  … ცოტა ხნის წინ ადგილი ჰქონდა ბაზების საქმიანობის ბლოკირებას საპროტესტო აქციის მეშვეობით [სამხედრო ბაზის წინ]“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საპროტესტო აქცია რუსეთის სამხედრო ბაზის წინ 4 მარტს ბათუმის ადგილობრივმა მოსახლეობამ გამართა. აქციის მონაწილენი რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ.  


 

Exit mobile version