აჭარის უზენაესი საბჭოს წევრმა ეკა ხერხეულიძემ, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საპასუხისმგებლო თანამდობებზე საკუთარი ნათესავების დანიშვნაში დაადანაშაულა.
3 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ მან გადასცა ლევან ვარშალომიძეს ამ უკანასკნელის ნათესავთა სია, რომელთაც აჭარის მთავრობაში მაღალი თანამდებობები უკავიათ.
ეკა ხერხეულიძემ უარი განაცხადა ამ სიის გაჟღერებაზე, თუმცა დასძინა, რომ იგი დაასახელებს ამ პირთა ვინაობას, თუ აჭარის მთავრობა ორი-სამი კვირის ვადაში არ გაათავისუფლებს მათ თანამდებობებიდან.
ეს ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კიდევ ერთი ნიშანი იმ უთანხმოებისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობაში არსებობს.
უთანხმოების შესახებ ინფორმაცია პირველად გასულ კვირას გაჟღერდა, როდესაც დავით ბაციკაძემ, “ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა 25 თებერვალს დატოვა პარტია. მისი წასვლის წინა დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ტოვებენ პარტიას.
დავით ბაციკაძემ, რომელიც აჭარის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან და თბილისის პარტიული ოფისის ლიდერებთან განხეთქილება დაასახელა.