ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ჯეიმს ჯონსმა, 1 მარტს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის სამხედრო დახმარების მიმღებთა სიაში ლიდერთა შორისაა.
„პოლონეთი, საქართველო, რუმინეთი და ბულგარეთი ჩვენს, უცხოური სამხედრო დაფინანსების მიმღებთა სიაში ლიდერობენ; ისინი ეფექტურად თანამშრომლობენ ჩვენს ძალებთან თავისუფლების ხელშეწყობისა და ერაყის თავისუფლების ოპერაციებში“, განაცხადა ჯონსმა.
2005 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო დახმარების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო საქართველოში, რომლის სახელწოდებაა: “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა.“ ამ პროგრამის განსახორციელებლად აშშ–მა 60,5 მილიონი დოლარი გამოყო.
„საქართველოში “სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა“ ითვალისწინებს ორი სამშვიდობო ბატალიონის მომზადებას ერაყში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად… პროგრამა ასევე უზრუნველყოფს [ქართველ სამხედრო] ინსტრუქტორთა მომზადებას. საბოლოო ჯამში, პროგრამა დაეხმარება იმ პროგრესის გამყარებას, რომელიც „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში იქნა მიღწეული, და ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასავლური სტანდარტების დანერგვას“, განაცხადა გენერალმა ჯონსმა.