ამერიკელი გენერალი კავკასიის მნიშვნელობაზე საუბრობს

ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ჯეიმს ჯონსმა, განაცხადა, რომ კავკასიის მნიშვნელობა ამერიკისთვის სულ უფრო იზრდება.


გენერალი ჯონსმა ეს განცხადება 1 მარტს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


„კავკასიის მნიშვნელობა ჩვენი ინტერესებისთვის სულ უფრო იზრდება. მისმა საჰაერო დერეფანმა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა კოალიციური ძალების დასაკავშირებლად ავღანეთთან, ასევე მნიშვნელოვანია [ეს დერეფანი] ევროპაში განლაგებული ჩვენი [ამერიკული სამხედრო] ბაზებისთვის“, განაცხადა ჯონსმა.


„მომდევნო 5 წელიწადში კავკასიაზე გამავალმა კასპიის ნავთობმა შესაძლოა მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 25 პროცენტი შეადგინოს, ხოლო კასპიის ნახშირწყალბადი მრავალფეროვნებას შემატებს ევროპის ენერგეტიკულ წყაროებს. ეს რეგიონი გეოგრაფიულად მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გავრცელებისთვის ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნებში“, დასძინა მან.   


გენერალ ჯონსის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ კავკასიას ჯერ კიდევ აწუხებს ეთნოკონფლიქტები, კორუფციისა და დანაშაულების პრობლემა, გასული წლის განმავლობაში “რეგიონის ზოგიერთ ნაწილში დემოკრატიული პროცესების დაჩქარება შეიმჩნეოდა.”

Exit mobile version