საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2 მარტს კიშინიოვში თავის მოლდაველ კოლეგას ვლადიმერ ვორონინს შეხვდება. ერთი დღით ადრე მოლდოვას პრეზიდენტი მოულოდნელად უკრაინას ეწვია. ამ მოლაპარაკებებს ადგილი აქვს მოლდავეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრეს.
სააკაშვილის ვიზიტი მოლდოვაში ასევე მოულოდნელი იყო. იგი 28 თებერვალს ვორონინსა და სააკაშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიგეგმა. საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ერთი დღით გადადებაც კი მოუხდა კიშინიოვში დაუგეგმავი ვიზიტის გამო.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსმა მედეა ახალკაცმა 2 მარტს „სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ ორი პრეზიდენტი ერთობლივ დოკუმენტს მოაწერს ხელს. მას დოკუმენტის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ეს დოკუმენტი იქნება ანალოგიური იმ დოკუმენტისა, რომელსაც სააკაშვილმა და იუშჩენკომ იანვარში მოაწერეს ხელი და რომელიც „კარპატების დეკლარაციის“ სახელითაა ცნობილი.
კარპატების დეკლარაცია მიესალმება „დემოკრატიზაციის მესამე ტალღას“ და საქართველოსა და უკრაინის დემოკრატიისადმი და ევროპისკენ მისწრაფებებს უსვამს ხაზს.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ალანა გაგლოევამ 1 მარტს განაცხადა, რომ სააკაშვილის შეხვედრა ვორონინთან არ ისახავს მიზნად მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებზე ზემოქმედებას. „კარპატების დეკლარაციიდან გამომდინარე, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში თავისუფალი არჩევნებისა და დამოუკიდებლობის პრინციპის დამკვიდრებას,“ განაცხადა გაგლოევამ.
ქართულმა და რუსულმა მედიამ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის დიპლომატიური აქტივობის ზრდა უკვე შეაფასა როგორც დსთ-ის სივრცეში ახალი კოალიციის შექმნის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას მარტის შუა რიცხვებში ეწვევა.
2 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში რუსულმა გაზეთმა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის გააქტიურებული დიპლომატიური ურთიერთობები „ანტი-რუსულ ალიანსის“ შექმნის მცდელობად შეაფასა. ასევე 2 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი „24 საათი“ მოლდოვას უწოდებს „კანდიდატ“ ქვეყანას, რომელსაც სურს საქართველო-უკრაინის „ანტი-რუსულ კოალიციას“ შეუერთდეს.
კოალიციის საფუძვლად მიიჩნევა სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა) აღორძინება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა 1 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლდოვაში 2 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი სუუამის შესაძლო რეორგანიზაციის საკითხს განიხილავს.
ბეჟუაშვილის თქმით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი რევოლუციების შემდეგ უნდა შეიცვალოს სუუამის როლი და მან ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას პოსტსაბჭოთა სივრცეში.
სუუამის აღორძინების საკითხს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოც შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კიევში ვიზიტის დროს 28 თებერვალს.
არაფორმალური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას აერთიანებდა 1997 წელს შეიქმნა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების (საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე) განხორციელებაში დაინტერესებულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის მიზნით. მოგვიანებით, ორგანიზაციამ ენერგომატარებლების ტრანსპორტირების პროექტებზე მოახდინა ფოკუსირება. 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთიც შეუერთდა. თუმცა მას შემდეგ, რაც უზბეკეთმა, ასევე კუჩმას დროინდელმა უკრაინამ ინტერესი დაკარგა ორგანიზაციის მიმართ სუუამ–მა პრაქტიკულად შეწყვიტა მუშაობა.
„ეს მოლაპარაკებები [სააკაშვილსა და ვორონინს შორის] შესაძლოა მივიჩნიოთ, როგორც მცდელობა სუუამისთვის სულის ჩაბერვის მცდელობად და ეს საქართველოსთვის ძალიან პოზიტიური მომენტია“, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რონდელმა.
თუმცა, ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების წინ დადებით ზეგავლენას მოახდენს თავად ვორონინზე
„სააკაშვილი მოლდოვას ვორონინის მიწვევით სტუმრობს. ვორონინს გარკვეული პრობლემები აქვს შიდა პოლიტიკაში. ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი [ვორონინი] ცდილობს თავისი პოპულარობის გაზრდას არჩევნების წინ. მისი ვიზიტი უკრაინაშიც სწორედ ამავე მიზეზით შეიძლება აიხსნას,“ აცხადებს რონდელი.
მისი თქმით, ძლიერი კოალიციის შექმნას დსთ-ის ტერიტორიაზე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, „რადგანაც თბილისი აღარ იქნება მარტო თავისი ყოფილი ბატონის – რუსეთის წინაშე.“
„ამით საქართველოს მეტი დამოუკიდებლობა და მანევრირების მეტი საშუალება ექნება“, დასძინა მან.
„მეორე მხრივ, სააკაშვილის ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგანაც ამით უკრაინის ფონზე ნაკლებად დაიჩრდილება საქართველო. ამგვარად, სააკაშვილის გადაწყვეტილება მოლდოვაში ვიზიტის თაობაზე კარგი გადაწყვეტილება იყო,“ აცხადებს რონდელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს და მოლდოვას რუსეთთან ურთიერთობებში მსგავსი პრობლემები აქვთ: სამხედრო ბაზები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმები.
კითხვაზე, თუ რა არის კიშინიოვსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი, ვლადიმერ ვორონინმა 2 მარტს გაზეთ „იზვესტია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ერთადერთი მიზეზი დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოუგვარებლობაა. მოსკოვსა და კიშინიოვს განსხვავებული მიდგომა აქვთ კონფლიქტის მოგვარების საკითხისადმი“.