მოსკოვი საფრანგეთის ძალოვანი მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით თბილისს ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს

1 მარტს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „საერთაშორისო ტერორისტები არა მარტო იმალებიან პანკისის ხეობაში, არამედ ამ ადგილს ტერორისტული აქტების ორგანიზებისთვისაც იყენებენ“.


რუსეთის საგარეო უწყება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის დომინიკ დე ვილპენის მიერ 1 მარტს ლიონში ბიო-ტერორიზმის საკითხებისადმი მიძღვნილი ინტერპოლის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების ციტირებას ახდენს. 


რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით, დომინიკ დე ვილპენმა განაცხადა, რომ ალ-ქაიდას რამოდენიმე დაჯგუფებამ ავღანეთში გაიარა მომზადება, სადაც მათ ისწავლეს ბიოლოგიური აგენტების, მათ შორის ანტრაქსის გამოყენება, თუმცა ავღანეთში ტალიბანის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ამ ჯგუფებმა თავიანთი ექსპერიმენტები პანკისის ხეობაში განაგრძეს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა დაამახინჯეს ინფორმაცია, რადგანაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს არ უსაუბრია პანკინში ამჟამად არსებულ სიტუაციაზე. მას მხედველობაში ჰქონდა 2002-2003 წლებში არსებული ვითარება.


საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ასევე აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომ მინისტრის სიტყვები არასწორად გადმოსცეს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, 1 მარტს ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა პანკისი წარსულ დროში მოიხსენია და კერძოდ 2002-2003 წლებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.   


საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, პანკისის ხეობიდან ტერორისტული საფრთხე მას შემდეგ აღარ მოდის, რაც 2002-2003 წლებში იქ ანტი-კრიმინალური ოპერაცია განხორციელდა.


თუმცა, ცოტა ხნის წინ მოსკოვმა კვლავ წამოაყენა ბრალდებები პანკისში ჩეჩენ მებრძოლთა და ტერორისტული ჯგუფების არსებობის თაობაზე.


„მოსკოვმა ძალიან სერიოზულად მიიღო საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის დომინიკ დე ვილპენის განცხადება … ეს ინფორმაცია ადასტურებს იმ მრავალრიცხოვან გაფრთხილებებს, რომლებიც რუსულმა მხარემ გააკეთა იმ ფაქტის თაობაზე, რომ საერთაშორისო ტერორიზმა არა მარტო თავშესაფარი იპოვა პანკისში, არამედ ამ ადგილს ტერორისტული აქტების მოსამზადებლადაც იყენებს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 1 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


 

Exit mobile version