რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა 26 თებერვალს რუსეთის რადიოსადგურ “ეხო მოსკვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს “მუქარა“ გამოაცხადოს რუსული სამხედრო ბაზები კანონგარეშედ, “არ გახდება საქართველოს რეალური პოლიტიკა“.
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ არ გამორიცხა, რომ საქართველომ შესაძლოა ეს ბაზები კანონგარეშედ გამოაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში ვერ მიაღწევს რუსეთთან შეთანხმებას მათი გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.
“ამ ბაზების დაბლოკვა, ან მათთვის ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების შეწყვეტა, არ არის მოქცევის ცივილიზებული ფორმა … რუსეთი ამგვარ მუქარებს მშვიდად, პანიკის გარეშე უნდა შეხვდეს“, განაცხადა რუსმა დეპუტატმა კონსტანტილ კოსაჩევმა.
26 თებერვალს სააგენტო “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ“შანტაჟი და მუქარა” არ შეუწყობს ხელს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებისა და პირობების განსაზღვრას. “ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით”, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
18 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი თვის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფები აქტიურად განიხილავენ ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებელ საკითხებს, მათ შორის რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხს.